„აზოვის“ პოლკის დამფუძნებელი საზოგადოებას მოუწოდებს, მარიუპოლის ოპერაციის შეფასებისა და კრიტიკისგან თავი შეიკავონ
„აზოვის“ პოლკის დამფუძნებელი საზოგადოებას მოუწოდებს, მარიუპოლის ოპერაციის შეფასებისა და კრიტიკისგან თავი შეიკავონ

„აზოვის“ პოლკის დამფუძნებელი და პარტია „ეროვნული კორპუსის“ ლიდერი ანდრეი ბილეცკი საზოგადოებას მოუწოდებს, მარიუპოლის ოპერაციის შეფასებისა და კრიტიკისგან თავი შეიკავონ, რათა ამ პროცესს ხელი არ შეუშალონ.

ვიდეომიმართვისას მან განაცხადა, რომ სამხედროები 82 დღის განმავლობაში გმირულად იბრძოდნენ რუს დამპყრობლებთან.

„82 დღე ისინი იბრძოდნენ წარმოუდგენელ პირობებში. 70-ზე მეტი დღის განმავლობაში აკავებდნენ მტერს, სრულ ალყაში მყოფები და მტრის უდიდესი უპირატესობის – საშინელი საავიაციო, სახომალდე, არტილერიისა და სხვა დაბომბვის პირობებში. მათ ჩაიდინეს ისეთი რამ, რაც უსიტყვოდ შევა სამხედრო სახელმძღვანელოების ისტორიაში. ახლა მთავარი ამოცანა ამ ადამიანების გადარჩენაა, ისინი ჯერ კიდევ დასჭირდებიან, რა თქმა უნდა, უკრაინას. ახლა მთავარია: არ ვავნოთ საკუთარი ვარაუდებით მებრძოლთა გადარჩენას. ამიტომ უდიდესი თხოვნა მაქვს ყველასთან, ვისაც სურს აზრის გაზიარება, თუ რა ხდება „აზოვსტალში“, ან მათთან, ვისაც რაღაც „საიდუმლოებები“ აქვს და სურს, მთელ მსოფლიოს გაუზიაროს – დაიტოვეთ ისინი თქვენთვის. ვფიქრობ, ორ-სამ დღეში თავად გარნიზონი დაადასტურებს, როგორ მიმდინარეობდა ყველაფერი“ , – აცხადებს ბილეცკი.

ბილეცკის თქმით, გარნიზონი ადგილზეა. „ამჟამად შემიძლია ვთქვა, რომ პოლკი კავშირშზეა. მე ვიცი, რა ხდება იქ, გარნიზონი ადგილზეა, იარაღით ხელში, ყველაფერი კარგად იქნება, დიდება უკრაინას“,- აცხადებს ბილეცკი.