აზიის განვითარების ბანკმა წყალმომარაგების სექტორის განვითარებისთვის საქართველოს 133 მილიონი ევრო გამოუყო
აზიის განვითარების ბანკმა წყალმომარაგების სექტორის განვითარებისთვის საქართველოს 133 მილიონი ევრო გამოუყო

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, შეინ როზენტალმა ხელი მოაწერეს შეთანხმებებს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის „წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების პროგრამის თაობაზე“, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროგრამის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკი გამოყოფს ფინანსურ რესურსს 115.3 მილიონი ევროს ოდენობით. აღნიშნული რესურსი წარმოადგენს ბიუჯეტის მხარდამჭერ სესხს და თანხა პირდაპირ მიიმართება ბიუჯეტში.

„პროგრამა, ასევე, მოიცავს საინვესტიციო კომპონენტს, რომლის ფარგლებშიც დაფინანსება 17.7 მლნ ევროს შეადგენს. პროგრამის მიზანია, წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მართვისა და ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაუმჯობესება. პროექტი მოიცავს ქალაქად და სოფლად წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის გაძლიერებას, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიის მენეჯმენტის ეფექტურობისა და მართვის გაუმჯობესებას. რაც შეეხება საინვესტიციო კომპონენტს, პროგრამა ითვალისწინებს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ქალაქ თელავში. აღნიშნული შეთანხმებების გაფორმება, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი დასტურია“, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.

ივანე მაჭავარიანმა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა „წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების პროგრამის თაობაზე შეთანხმებებს დღეს მოაწერეს ხელი.

 

დატოვე კომენტარი