აზიის განვითარების ბანკმა საქართველოსთვის 101 მილიონი ევროს სესხი დაამტკიცა, რომელიც ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებას მოხმარდება
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოსთვის 101 მილიონი ევროს სესხი დაამტკიცა, რომელიც ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებას მოხმარდება

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დღეს 101 მილიონი ევროს (დაახლოებით 119.9 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის სესხი დაამტკიცა საქართველოში ახალი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და უკვე არსებულის რეაბილიტაციისთვის, ასევე ურბანულ ცენტრებში სერვისების გასაუმჯობესებლად ეკონომიკური შესაძლებლობებისა და ქვეყანაში ცხოვრების ხარისხის გაზრდის მიზნით.

„საქართველომ მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროგრესი აჩვენა ბოლო წლების განმავლობაში, თუმცა ეკონომიკური ზრდა არათანაბრად იყო განაწილებული და მასზე მძიმე ზეგავლენა იქონია „კოვიდ-19“-ის პანდემიამ. ეს პროექტი საქართველოს პანდემიის გავლენისგან გათავისუფლებაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს ქალაქების უფრო მდგრად, მრავალმხრივ და კლიმატის ცვლილებებისადმი მედეგ განვითარებას“, – განაცხადა ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა, ევგენი ჟუკოვმა.

როგორც აზიის განვითარების ბანკში აღნიშნავენ, ADB-ის ქალაქების მდგრადი განვითარების საინვესტიციო პროექტი (Livable Cities Investment Project for Balanced Development) წინასწარი გათვლებით თბილისსა და რეგიონებში 1.5 მილიონ ადამიანს მოუტანს სარგებელს.

პროექტით გათვალისწინებული რესურსები მოხმარდება ქალაქების ცენტრების, საზოგადოებრივი ადგილებისა და პარკების რეაბილიტაციას და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებას უკეთესი მობილობისთვის. პროექტის ფარგლებში აშენდება ბიბლიოთეკები, ელექტრონული სწავლების ცენტრები, საბავშვო ბაღები, სპორტული კომპლექსები და სხვა საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებები. პროექტი განხორციელდება ADB-ის მიერ შემუშავებული „ინკლუზიური ქალაქების გზამკვლევის“ მიხედვით საყოველთაო წვდომის უზრუნველსაყოფად და ადაპტირებული გარემოს შესაქმნელად ხანდაზმულებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, ქალებისა და ბავშვებისთვის.

პროექტი ასევე ხელს შეუწყობს კულტურული ობიექტების, ქალაქების ისტორიული ცენტრებისა და სხვა ტურისტული ადგილების რეაბილიტაციას. ასევე, განახლდება ტრანსპორტის სისტემები, მათ შორის თბილისის მეტრო, გაუმჯობესებული წვდომისა და ტურიზმის ხელშეწყობისთვის, რაც საქართველოს ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალაა.

„ევროპასა და აზიას შორის მდებარე, მდიდარი ბუნებრივი რესურსებისა და უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის მქონე საქართველოს ხელსაყრელი პოზიცია აქვს „კოვიდ-19“-ის შემდგომ გლობალური ტურიზმის მიმართულებად იქცეს. ეს პროექტი დაეხმარება საქართველოს, იქცეს კიდევ უფრო მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად და გააძლიეროს ტურისტული შესაძლებლობები ადგილობრივი თემებისთვის“, – განაცხადა ADB-ის ურბანული განვითარების მთავარმა სპეციალისტმა, რამოლა ნაიკ სინგრუმ.

როგორც აზიის განვითარების ბანკში აცხადებენ, პროექტი ასევე გააძლიერებს მთავრობის შესაძლებლობებს რეგიონული და ადგილობრივი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის სასწავლო პროგრამების გზით.

„საქართველო ADB-ის წევრია 2007 წლიდან და ქვეყნის განვითარების ხელშემწყობი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მრავალმხრივი პარტნიორია. საქართველოსთვის გაცემული სესხების ჯამი 3.92 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო ტექნიკური დახმარების პროექტები 28.9 მილიონი აშშ დოლარის ოდენობისაა. საქართველოში ADB-ის განვითარების მთავარ პრიორიტეტებს შორისაა ვაჭრობის გაფართოება, მეტი სამუშაო ადგილის შექმნა და სიღარიბის დამარცხება ეკონომიკური დერეფნების განვითარების გზით.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ,
მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი“, – აღნიშნულია აზიის განვითარების ბანკის ინფორმაციაში.