აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის 2026 წლის პროგნოზი 6.3 პროცენტამდე გაზარდა

12:31, 23.09.2026

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს ეკონომიკური ზრდის 2026 წლის პროგნოზი 5.5%-დან 6.3%-მდე გაზარდა. ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის სექტემბრის განახლებულ ანგარიშშია საუბარი.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, პროგნოზის ზრდა ქვეყანაში წლის პირველ ნახევარში მოსალოდნელზე ძლიერმა ეკონომიკურმა აქტივობამ განაპირობა. ამასთან, როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტში აღნიშნავენ, რეგიონში გამწვავებული გეოპოლიტიკური დაძაბულობის გავლენა საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე შეზღუდული დარჩა. ADB-მა ასევე გაზარდა 2026 წლის ინფლაციის პროგნოზი 4.9%-დან 5.2%-მდე. პროგნოზის გადახედვა გლობალურ ბაზრებზე ენერგორესურსების გაძვირებამ განაპირობა, რამაც ქვეყანაში ინფლაციური ზეწოლა გააძლიერა.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკამ 2026 წლის პირველ ნახევარში ზრდის მაღალი ტემპი შეინარჩუნა და 7.9% შეადგინა. ზრდის მთავარი მამოძრავებელი იყო მომსახურების სექტორი, რომელიც პირველ კვარტალში 13.9%- ით გაიზარდა. თავის მხრივ, მომსახურების სექტორის ზრდის ძირითადი განმაპირობებელი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორის 36.0%-იანი და ტრანსპორტისა და დასაწყობების სფეროს 18.0%-იანი ზრდა იყო. მრეწველობა 2.0%-ით გაიზარდა, ხოლო სოფლის მეურნეობა 3.3%-ით შემცირდა. შიდა მოთხოვნა კვლავ ძლიერი იყო, რასაც კერძო მოხმარების 8.0%- იანმა ზრდამ შეუწყო ხელი.

ამასთან, საქონლისა და მომსახურების ექსპორტი 6.8%-ით გაიზარდა.

„რეგიონში ეკონომიკური პერსპექტივების გაუარესებისა და საგარეო გაურკვევლობების ზრდის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკამ მდგრადობა შეინარჩუნა. ეკონომიკურ ზრდაში კვლავ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მომსახურების სექტორს, ხოლო მოთხოვნის მხარეს – მოხმარებასა და ექსპორტს. ამასთანავე, ენერგომატარებლების გლობალური ფასების ზრდა შიდა ინფლაციაზე აისახება, ხოლო ტურიზმის შესუსტება საგარეო მოთხოვნას ამცირებს. რეგიონული და გარე ფაქტორების ზეწოლის ფონზე მდგრადი ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება, კონკურენტუნარიანობის გაძლიერება.“ – განაცხადა საქართველოში ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, ლესლი ბეარმან ლამმა.

რაც შეეხება ინფლაციის პროგნოზის ზრდას, მაჩვენებლის გადახედვა ენერგორესურსების გაძვირებას და სამომხმარებლო ფასებზე მის ზეგავლენას უკავშირდება. 2026 წლის პირველ ნახევარში საშუალო წლიურმა ინფლაციამ 5.2% შეადგინა, რაც 2025 წლის იმავე პერიოდში 3.1% იყო. ტრანსპორტის ფასები წლიურად 7.7%-ით გაიზარდა,  2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 2.2%-ით იყო შემცირებული. სურსათის ფასების წლიურმა ზრდამ 8.0% შეადგინა, წინა წლის შესაბამისი პერიოდის 6.1%-იან ზრდასთან შედარებით.

„საქართველოს საგარეო ეკონომიკური მდგომარეობა 2026 წლის პირველ ნახევარში გაუმჯობესდა. პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 3.8%-მდე შემცირდა, წინა წლის 8.5%-იანი მაჩვენებლისგან განსხვავებით. ამ გაუმჯობესებას ხელი შეუწყო საქონლისა და მომსახურების ექსპორტისა და ფულადი გზავნილების ზრდამ. რეგიონული საჰაერო მიმოსვლის შეფერხებამ ტურიზმზე უარყოფითად იმოქმედა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2026 წლის პირველ ნახევარში 2.0%-ით შემცირდა. აღნიშნული კლება ნაწილობრივ სხვა სახის მომსახურების ექსპორტის ზრდამ დააბალანსა. პირველ კვარტალში მომსახურების ექსპორტი მთლიანობაში 7.2%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მომსახურების ექსპორტის 65.7%-იანი ზრდით იყო განპირობებული. ფულადი გზავნილები 4.0%-ით გაიზარდა. უცხოური ვალუტის შემოდინებამ ხელი შეუწყო ლარის სტაბილურობის შენარჩუნებას, რამაც თავის მხრივ შესაძლებელი გახადა საერთაშორისო რეზერვების ზრდა“, – აღნიშნულია აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოქვეყნებულ განახლებულ ანგარიშში.

მსგავსი