აზიის განვითარების ბანკი - განვითარებადი აზიის ეკონომიკური პროგნოზი ჩინეთის ეკონომიკური ზრდის შენელების ფონზე შემცირდა
აზიის განვითარების ბანკი - განვითარებადი აზიის ეკონომიკური პროგნოზი ჩინეთის ეკონომიკური ზრდის შენელების ფონზე შემცირდა

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) წელს 4.6%-მდე შეამცირა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განვითარებადი აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (ჩინეთი) ეკონომიკის ნელი ზრდის გამო, განვითარებულ ეკონომიკებში მონეტარული პოლიტიკის აგრესიული გამკაცრებისა და რუსეთის უკრაინაში შეჭრის გახანგრძლივებული საომარი მოქმედებების შედეგად.

როგორ აზიის განვითარების ბანკში აღნიშნავენ, პროგნოზი ADB-ის მიერ მიმდინარე წლის აპრილში ნავარაუდევ 5.2%-იან ზრდასთან მიმართებით შემცირდა. ასევე, რეგიონში საკვებსა და საწვავზე გაზრდილი ფასების ფონზე, ბანკმა გაზარდა ინფლაციის მოსალოდნელი მაჩვენებელი.

დღეს გამოქვეყნებული აზიის განვითარების პროგნოზის 2022-ის დამატების მიხედვით, განვითარებული აზია და წყნარი ოკეანის ქვეყნები განაგრძობენ „კოვიდ-19“-ის პანდემიის შემდგომ აღდგენას. მრავალი ქვეყანა ამსუბუქებს გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვებს, რაც ეკონომიკურ აქტივობას აძლიერებს. მიუხედავად ამისა, რეგიონის უდიდეს ეკონომიკაში, ჩინეთში ზრდამ იკლო, „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული ახლად შემოღებული კარანტინისა და სუსტი გლობალური მოთხოვნის შედეგად.

„პანდემიის უარყოფითი ეკონომიკური ზეგავლენა თითქმის მთელ აზიაში შემცირდა, მაგრამ სრული და მდგრადი აღდგენისგან შორს ვარ. ჩინეთში ეკონომიკის შენელების პარალელურად, უკრაინაში მიმდინარე ომმა ინფლაციური წნეხი გაზარდა, რაც მსოფლიოს ცენტრალურ ბანკებს რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას აიძულებს, ეს კი აფერხებს ზრდას. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ყველა ამ გლობალური არასტაბილურობის გადაჭრას, რაც რეგიონის ეკონომიკურ აღდგენას რისკის ქვეშ აყენებს“, – განაცხადა ADB-ის მთავარმა ეკონომისტმა ალბერტ პარკმა.

როგორც აზიის განვითარების ბანკში აღნიშნავენ, ჩინეთის ეკონომიკა წელს 4.0%-ით გაიზრდება, აქამდე ნავარაუდევ 5.0%-თან შედარებით. ADB-მ 7.5%-დან 7.2%-მდე შეამცირა ზრდის პროგნოზი ინდოეთისთვის, მოსალოდნელზე მაღალი ინფლაციისა და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ფონზე.

„ინფლაცია განვითარებად აზიასა და წყნარი ოკეანის ქვეყნებში წელს 4.2%-ით გაიზრდება, აპრილში ნავარაუდევ 3.7%-თან შედარებით. მიუხედავად ამისა, ინფლაციური წნეხი რეგიონში მსოფლიოს სხვა რეგიონებთან შედარებით მაინც დაბალი რჩება.

2023 წლისთვის ბანკმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი რეგიონში 5.3%-დან 5.2%-მდე შეამცირა, ხოლო ინფლაციის მოსალოდნელი მაჩვენებელი 3.1%-დან 3.5%-მდე გაზარდა.

განახლდა ზრდის პროგნოზები რამდენიმე ქვერეგიონისთვის. სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ზრდის მოლოდინი 4.9%-დან 5.0%-მდე გაიზარდა „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე შიდა მოთხოვნის მატების შედეგად.

ეკონომიკური ზრდის მოლოდინი კავკასიისა და ცენტრალური აზიისთვის 3.6%-დან 3.8%-მდე გაიზარდა, რადგან ქვერეგიონის ზოგიერთმა ეკონომიკამ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის უარყოფით გავლენას მოსალოდნელზე უკეთ გაუძლო. წყნარი ოკეანის ქვეყნებში ფიჯიზე ტურიზმის აღდგენამ ქვერეგიონის ზრდის მაჩვენებლის 3.9%-დან 4.7%-მდე ზრდა განაპირობა“, – აღნიშნულია აზიის განვითარების ბანკის ინფორმაციაში.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.