აზიაში დასრულდა ჩემპიონთა ლიგის 2022-23 წლების სეზონის გათამაშება. ტურნირი თავისი არსებობის ისტორიაში მესამედ მოიგო იაპონურმა „ურავა რედ დაიმონდსმა“. მან ორი მატჩის ჯამში შარშანდელი ჩემპიონი, საუდის არაბეთის „ალ-ჰილალი“ 2:1 დაამარცხა.
პირველი შეხვედრა საუდის არაბეთში 1:1 დასრულდა, განმეორებით მატჩში „საიტამას“ სტადიონზე გადამწყვეტი აღმოჩნდა სტუმართა ფორვარდის ანდრე კარილიოს ავტოგოლი 48-ე წუთზე, რამაც „ურავას“ 1:0 მოაგებინა.
ადრე იაპონურ კლუბს ჩემპიონთა ლიგა 2007 და 2017 წლებში ჰქონდა მოგებული.
„ურავას“ ფეხბურთელი ჰიროკი საკაი ტურნირის უძვირფასესი მოთამაშე გახდა. საუკეთესო ბომბარდირი 8 გოლით „ალ-დუჰაილის“ ფორვარდი ედმილსონ ჯუნიორია.