აზერბაიჯანული გამოცემა - აზერბაიჯანმა რუსულ მხარეს ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნა აზერბაიჯანში სააგენტო Россотрудничество-ს საქმიანობის შეწყვეტის შესახებ
აზერბაიჯანმა რუსულ მხარეს ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნა აზერბაიჯანში სააგენტო Россотрудничество-ს საქმიანობის შეწყვეტის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული გამოცემა „რეპორტი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რეპორტი“ წერს, რომ აზერბაიჯანი აგრძელებს თანმიმდევრულ კურსს თავისი ეროვნული ინტერესების დასაცავად და ცხადყოფს, რომ იგი არ აპირებს, შეეგუოს საგარეო ჩარევას შიდა საქმეებში, იმისდა მიუხედავად, საიდან მოდის ეს.
აზერბაიჯანული გამოცემა ამის მტკიცებულებად ასევე ასახელებს მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას USAID-ის ამერიკულ სააგენტოსთან მიმართებით.
„ჩვენი ქვეყანა თავად გახდა დონორი და გარედან დახმარება არ სჭირდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასეთი დახმარება გაუმჭვირვალე სქემების საფუძველზე ხდება და ორგანიზაციების სტრუქტურა ღიად სადაზვერვო ხასიათს ატარებს“, – განუცხადა წყარომ აზერბაიჯანულ გამოცემას.