აზერბაიჯანულ სკოლებში ჰიჯაბის ტარების აკრძალვის გამო ბაქოსა და ანკარას შორის დაძაბულობის ფონზე, ილჰამ ალიევი „თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის“ სამიტს არ დაესწრება

19:04, 29.10.2026

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ანკარაში 30 ოქტომბერს დაგეგმილ „თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის“ სამიტს არ დაესწრება.

აზერბაიჯანულ მედიის თანახმად, სამიტზე აზერბაიჯანს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი წარმოადგენს. აზერბაიჯანული მედიის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ილჰამ ალიევი ვერ შეძლებს „თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის“ სამიტზე დასწრებას წინასწარ დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებული ვალდებულებებისა და დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო. 30 ოქტომბერს პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ბაქოში გასამართი FIFA-ს 15-წლამდელთა მსოფლიო თასისა და ფესტივალის პირველი ფინალისტებს დააჯილდოებს. აზერბაიჯანის წარმომადგენლები ასევე აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას სამიტის ფარგლებში გამართულ სხვა შესაბამის ღონისძიებებში.

ბაქოსა და ანკარას შორის ურთიერთობები ბოლო დროს დაიძაბა. სექტემბერში აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტმა შეცვალა საჯარო სკოლებში მოსწავლეთა გარეგნობის მარეგულირებელი რეგულაციები. ახალი წესები უკრძალავს მოსწავლეებს ისეთი ტანსაცმლის ტარებას, რომელიც არღვევს ერთიან სტანდარტებს ან არ შეესაბამება მათი განათლების სეკულარულ ბუნებას. ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ, თურქეთის მმართველი პარტიის რამდენიმე წარმომადგენელმა მკაცრი განცხადებები გააკეთა ბაქოს წინააღმდეგ და მოითხოვა გადაწყვეტილების გადახედვა.

საპასუხოდ, აზერბაიჯანის მმართველმა პარტიამ, „ახალმა აზერბაიჯანმა“ (YAP) მოუწოდა თურქეთის მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ განცხადებებისა და ქმედებებისგან, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ბაქოსა და ანკარას შორის ურთიერთობებს. ბაქო თურქეთის მმართველი წრეების ქმედებებს აზერბაიჯანის შიდა საქმეებში ჩარევად მიიჩნევს. გარდა ამისა, აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ თურქეთის რვა მოქალაქე საერთაშორისო ძებნილ სიაში შეიყვანა ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლისკენ მოწოდებებისა და რელიგიური სიძულვილის გაღვივების გამო. თავის მხრივ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არასასურველი პირების სიაში თურქეთის 31 მოქალაქე დაამატა და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ეს ეფუძნებოდა ამ პირების მიერ სოციალურ მედიასა და ონლაინ პლატფორმებზე გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც, აზერბაიჯანული მხარის აზრით, მიმართული იყო ქვეყნის სუვერენიტეტის, ეროვნული უსაფრთხოების, კონსტიტუციური წესრიგის, ხალხისა და ხელმძღვანელობის წინააღმდეგ.

აზერბაიჯანული მხარის მტკიცებით, მათი პუბლიკაციები შეიცავდა მოწოდებებს ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლისა და რადიკალიზმზე დაფუძნებული რელიგიური სიძულვილის წაქეზებისკენ. „არასასურველი პირების“ სიაში შედიან ჟურნალისტები, ბლოგერები, ტელეწამყვანები, პოლიტოლოგები, პოლიტიკოსები და ეკონომისტები. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თანამდებობა დატოვა თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველმა, ოქტაი სარალმა, რომელმაც ილჰამ ალიევი სკოლებში ჰიჯაბის ტარების აკრძალვასთან დაკავშირებით გააკრიტიკა.

მსგავსი