აზერბაიჯანში 14 დეკემბრიდან გამკაცრებული საკარანტინო ზომები ამოქმედდება. მკაცრი შეზღუდვები 2021 წლის 18 იანვრამდე გაგრძელდება. ამ პერიოდისთვის მუშაობა წყდება „ყველა სფეროში, გარდა სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებისა“. გამონაკლისია კომუნალური ოპერატორები და სტრატეგიული წარმოების ზონები.
ყველა საცალო და კვების ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, ვალდებულია, მომხმარებელს მხოლოდ ინტერნეტით ან შეკვეთების სახლში გაგზავნით მოემსახუროს.
მთავრობამ ასევე გაამკაცრა შეზღუდვები ქვეყნის გარშემო ხალხის გადაადგილებაზე: 17 ქალაქი და რეგიონული ცენტრი, ბაქოს ჩათვლით, ჩაიკეტება.
შაბათ-კვირას საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად ჩერდება და მთელი საკარანტინო პერიოდის განმავლობაში ბაქოს მეტრო სრულად ჩერდება.
დახურული ქალაქებისა და რეგიონული ცენტრების მაცხოვრებლებს ეკრძალებათ სახლიდან გასვლა განსაკუთრებული საჭიროების გარეშე: ვინც დასაქმებულია დასაშვებ ადგილებში, უნდა დარეგისტრირდეს სპეციალურ სახელმწიფო პორტალზე.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესების გამო, ქვეყნის ხელისუფლება იძულებული გახდა, ასეთი ზომები მიეღო. ბოლო 24 საათის განმავლობაში, აზერბაიჯანში გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 4 451 ახალი შემთხვევა, 39 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის აზერბაიჯანში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების სულ 175 874 შემთხვევა, მათგან 1 922 ადამიანი გარდაიცვალა.