აზერბაიჯანში 4 მაისიდან კარანტინის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდება. კარანტინის რეჟიმი ქვეყანაში 31 მაისამდე გახანგრძლივდა, თუმცა, ქვეყნის სანიტარულ-ეპიდემიური სიტუაციის პოზიტიური ტენდენციის გათვალისწინებით, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, გარკვეულ საქმიანობებზე დაწესებული აკრძალვები მოხსნას.
კერძოდ, 4 მაისიდან აზერბაიჯანში გაიხსნება სავაჭრო ობიექტები, მსხვილი სავაჭრო ცენტრების გარდა. ასევე, მუშაობას განაახლებენ სილამაზის სალონები და კოსმეტოლოგიური ცენტრები. დადგენილი წესების თანახმად, ტანსაცმლის მაღაზიებში იკრძალება მოსაზომი ოთახების გამოყენება, პარფიუმერულ მაღაზიებში კი – კოსმეტიკური საშუალებების დატესტვა.
ბაქოს, ასევე სხვა მსხვილი ქალაქების (სუმგაითი, განჯა, ლენქორანი) გარდა, აზერბაიჯანის დანარჩენ ტერიტორიაზე გაიხსნება კვების ობიექტები, პარკები, სკვერები და სხვა დასასვენებელი ადგილები, გაუქმდება სახლიდან გასვლისთვის მოკლე ტექსტური შეტყობინებით (სმს) ნებართვის აღების ვალდებულება, მუშაობას განაახლებენ სახელმწიფო დაწესებულებები. ამავე დროს, კვლავ ძალაში დარჩება საზოგადოებრივ ადგილებში 10-ზე მეტი ადამიანის შეკრებაზე აკრძალვა.
ბაქოსა და სხვა მსხვილ ქალაქებში კვლავ იზღუდება გადაადგილება და დახურული იქნება კვების ობიექტები.
31 მაისამდე ძალაში რჩება მასობრივი ღონისძიებების გამართვის, საქალაქთაშორისო გადაადგილების შეზღუდვა. ასევე, დახურულია სახმელეთო და საჰაერო საზღვრები.
აზერბაიჯანში ბოლო ერთი დღის მონაცემებით, გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 38 ახალი შემთხვევა, 30 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა სულ 1 932 ადამიანს. მათგან 1 441 გამოჯანმრთელდა, 25 კი გარდაიცვალა. ამჟამად საავადმყოფოებში 466 პაციენტი რჩება, რომელთაგან 19-ის მდგომარეობა მძიმეა.