აზერბაიჯანში კარანტინის სპეციალური რეჟიმი გამოაცხადა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
აღნიშნული გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
შეხვედრის დროს მინისტრებმა კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული ვითარება განიხილეს და გადაწყვიტეს, რომ ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, სპეციალური რეჟიმი უნდა გამოცხადებულიყო.
24 მარტიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს ქუჩაში გასვლა აეკრძალებათ. აღნიშნული ასაკის მარტოხელა პირებისთვის საჭირო სოციალური მომსახურება უზრუნველყოფილი იქნება.
ამასთან, აიკრძალება საქალაქთაშორისო სამგზავრო გადაადგილება. ბაქოს მცხოვრებლებს კი მეტროს მინიმუმამდე გამოყენების რეკომენდაცია გაეცათ. ამოქმედდება ავტობუსების სპეციალური ხაზები, რომლებიც საღამოს ათ საათამდე იმუშავებს.
კარანტინის ფარგლებში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ათზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალება.
აღნიშნული რეჟიმი 20 აპრილამდე გაგრძელდება.