აზერბაიჯანმა რუსეთს საპროტესტო ნოტა გადასცა
აზერბაიჯანმა რუსეთს საპროტესტო ნოტა გადასცა

აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი მიხაილ ბოჩარნიკოვი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარა და საპროტესტო ნოტა გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სააგენტო „ტასი“ ავრცელებს. ბაქოს პროტესტი მოსკოვში არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის წარმომადგენელთა ვიზიტს უკავშირდება. აზერბაიჯანის საგარეო უწყების ცნობით, მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს რუს ექსპერტებთან და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში ყოფნისას რუსმა დიპლომატმა განაცხადა, რომ რუსეთის პოზიცია ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით კარგად ცნობილი და უცვლელია.

აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ არაღიარებული რესპუბლიკის წარმომადგენელთა ვიზიტები პროვოკაციული ხასიათისაა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგაა მიმართული.

დატოვე კომენტარი