აზერბაიჯანისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პარტნიორული ურთიერთობების აქტუალური საკითხები განიხილეს

16:07, 16.08.2025

აზერბაიჯანის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

აზერბაიჯანული მედიის თანახმად, ჯეიჰუნ ბაირამოვმა და ანდრეი სიბიგამ აზერბაიჯანსა და უკრაინას შორის პარტნიორული ურთიერთობების აქტუალური საკითხები განიხილეს, მათ შორის, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის აშშ-ში ვიზიტის დროს აზერბაიჯანსა და აშშ-ს შორის მიღწეული შეთანხმებები, ასევე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესში მიღწეული შედეგები შეაქო.

ანდრეი სიბიგამ მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანულ მხარეს გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის, მათ შორის კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ტერიტორიების აღდგენისა და რეკონსტრუქციის მხარდაჭერისთვის.

სიბიგამ ბაირამოვს მიაწოდა ინფორმაცია რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ირგვლივ მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესის შესახებ.

„სატელეფონო საუბრის დროს ასევე განიხილეს ორმხრივი ინტერესის მქონე სხვა საკითხები“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაში.

მსგავსი