აზერბაიჯანისა და სომხეთის თავდაცვის უწყებები ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ
აზერბაიჯანისა და სომხეთის თავდაცვის უწყებები ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გახსნეს ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის სადარაკსკის რაიონში, სოფელ ჰეიდარაბადში განთავსებული აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პოზიციების მიმართულებით. სროლის შედეგად, აზერბაიჯანის არმიის ერთი სამხედრო დაიჭრა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან გახსნილ ცეცხლს მათ სროლითვე უპასუხეს. სამინისტროს ინფორმაციით, რაიონში სიტუაცია ამჟამად სტაბილურია.

ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სომხეთის თავდაცვის სამინისტროც. ქვეყნის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღიდან და ყუმბარმტყორცნებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ისროდნენ სომხეთის არმიის პოზიციების მიმართულებით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ერასხის მონაკვეთზე. სამინისტროს ცნობით, დაჭრილია ერასხის თემის ხელმძღვანელი რადიკ ოგიკიანი.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ ურთიერთშეხების ხაზის ცვლილებას.