აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სომხეთის დივერსიული ჯგუფის წევრი დააკავეს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სომხეთის დივერსიული ჯგუფის წევრი დააკავეს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სომხეთის დივერსიული ჯგუფის წევრი დააკავეს.

სამინისტროს ცნობით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ლაჩინის მონაკვეთზე, სომხეთის სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა ამინდის არახელსაყრელი პირობებით ისარგებლა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შეიჭრა. ადგილზე დისლოცირებულმა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დანაყოფმა აღნიშნული ჯგუფის ერთი წევრი, არტურ კარტანიანი დააკავა, ხოლო დანარჩენმა წევრებმა ტერიტორია დატოვეს.

თავდაცვის უწყების ინფორმაციით, სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფის სავარაუდო მიზანი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დანაღმვითი სამუშაოების განხორციელება იყო.

ინციდენტს გამოეხმაურა სომხეთის თავდაცვის სამინისტრო. თავდაცვის უწყების განცხადებით, რიგითი არტურ კარტანიანი აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად მხარეს ნისლის გამო აღმოჩნდა და აზერბაიჯანული მხარის განცხადება, რომ სომეხი სამხედრო დივერსიული ჯგუფის წევრია სიმართლეს არ შეესაბამება.