აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის ფონდმა Brookfield Asset Management-თან, BlackRock-სა და Global Infrastructure Partners-თან გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებები გააფორმა
აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის ფონდმა (SOFAZ) მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებები გააფორმა Brookfield Asset Management-თან, BlackRock-სა და Global Infrastructure Partners-თან (GIP). ინფორმაციას ამის შესახებ „ევრონიუსი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ხელშეკრულებები არსებული თანამშრომლობის გაფართოებას და მის სტრუქტურირებულ, მასშტაბურ პარტნიორობად გარდაქმნას ისახავს მიზნად, რაც გზას გაუხსნის მნიშვნელოვან საინვესტიციო ნაკადებსა და საერთაშორისო ექსპერტიზას ინფრასტრუქტურის, ციფრული ტექნოლოგიებისა და განახლებადი ენერგიის მიმართულებით.
მემორანდუმების მიხედვით, SOFAZ-ი და მისი პარტნიორები მომდევნო სამი-ოთხი წლის განმავლობაში განიხილავენ საინვესტიციო და თანაინვესტირების შესაძლებლობებს.
ინიციატივები კონცენტრირებული იქნება აზერბაიჯანის ეკონომიკური ზრდისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სექტორებზე, მათ შორის ციფრულ და ფინანსურ ინფრასტრუქტურაზე, მონაცემთა ცენტრებზე, ტრანსპორტსა და ლოგისტიკაზე, ენერგეტიკულ გარდაქმნასა და განახლებად ენერგიაზე, უძრავ ქონებაზე და აეროპორტის ინფრასტრუქტურაზე. პროექტები გათვლილი იქნება არა მხოლოდ აზერბაიჯანის შიდა ბაზარზე, არამედ უფრო ფართო რეგიონულ ეკონომიკაზეც.
ინიციატივების განხორციელების მიზნით, შეთანხმებები ითვალისწინებს სექტორული სამუშაო ჯგუფების შექმნას, ობიექტების ერთობლივ დათვალიერებას, ტექნიკური სესიებისა და ექსპერტული დისკუსიების გამართვას, რათა პროექტები დაეფუძნოს საერთაშორისო ოპერაციულ სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკას.
პარტნიორობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია Brookfield-ის, BlackRock-ისა და GIP-ის გლობალური გამოცდილების გამოყენება კომერციულად მდგრადი, გრძელვადიანი ინფრასტრუქტურული და ციფრული პროექტების განვითარებისთვის.
SOFAZ-ი, რომელიც 1999 წელს შეიქმნა აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის შემოსავლების სამართავად, ამჟამად ფლობს აქტივებს 60-ზე მეტ ქვეყანაში. მისი პორტფელი მოიცავს საფონდო ბირჟაზე განთავსებულ აქციებს, ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და განახლებადი ენერგიის ინვესტიციებს.
Brookfield Asset Management-ი მართავს ერთ ტრილიონ დოლარზე მეტ გლობალურ აქტივებს ინფრასტრუქტურის, განახლებადი ენერგიის, კერძო კაპიტალის, უძრავი ქონებისა და საკრედიტო მიმართულებებით და აქვს რთული მასშტაბური პროექტების განხორციელების დიდი გამოცდილება.
BlackRock-ი ზედამხედველობს 14 ტრილიონი დოლარის აქტივებს, ოპერირებს 38 ქვეყანაში და ფლობს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს კაპიტალის განთავსებისა და რისკების მართვის კუთხით.
GIP სპეციალიზებულია ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებში, მათ შორის ისეთი მსხვილი აეროპორტების აქტივებში, როგორებიცაა ლონდონის გეტვიკი და ედინბურგი, ასევე მსხვილი მონაცემთა ცენტრები. BlackRock/GIP-ის პლატფორმა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ციფრულ და ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურულ პროექტებს, სადაც ენერგეტიკული და ელექტროგადამცემი სისტემები ერთ-ერთ საკვანძო მიმართულებად განიხილება.
ამ პარტნიორობების მეშვეობით აზერბაიჯანი მიზნად ისახავს გააძლიეროს თავისი პოზიცია, როგორც რეგიონული ინფრასტრუქტურული და ციფრული ინვესტიციების ჰაბი, მიიზიდოს საერთაშორისო კაპიტალი და დანერგოს გლობალურად აღიარებული სტანდარტები პროექტების განვითარებასა და მართვაში.