აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბრები გამართა
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვსა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, სტივენ ბიგანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბაირამოვმა კოლეგას ყარაბაღში არსებულ ვითარებაზე მიაწოდა ინფორმაცია.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს სტივენ ბიგანმა რეგიონში დაძაბულობის მატებისა და საბრძოლო მოქმედებების გეოგრაფიის ზრდის გამო შეშფოთება გამოთქვა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დიალოგის მნიშვნელობას.
ასევე, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს. მედიის ცნობით, სატელეფონო საუბრის დროს სერგეი ლავროვმა რეგიონში დაძაბულობის მატების გამო შეშფოთება გამოთქვა, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი, რუს კოლეგას არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.