აზერბაიჯანის საგარეო უწყება შეშფოთებას გამოთქვამს ევროპის მშვიდობის ფონდიდან სომხეთის შეიარაღებული ძალებისთვის ათი მილიონი ევროს დახმარებასთან დაკავშირებით
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების გამო, ევროპის მშვიდობის ფონდიდან სომხეთის შეიარაღებული ძალებისთვის ათი მილიონი ევროს დახმარებასთან დაკავშირებით.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის საბჭოს ამ გადაწყვეტილებას „ძალიან არასწორ და საშიშ ნაბიჯად“ აფასებენ.
„აღნიშნული სამხედრო დახმარება და მომავალში ასეთი დახმარების გაზრდის მოწოდებები ემსახურება სომხეთის სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას, რომელიც არ იტყვის უარს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობაზე თავდასხმაზე და არც რეგიონში დესტრუქციულ ქმედებებზე“, – განაცხადეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
აზერბაიჯანში ამბობენ, რომ ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც რეგიონში მილიტარიზაციასა და შეიარაღებას ემსახურება და გაიგოს, რომ მშვიდობასა და თანამშრომლობას რეგიონში ალტერნატივა არ აქვს.