აზერბაიჯანის საგარეო უწყება - კატეგორიულად ვგმობთ ემანუელ მაკრონის მხრიდან აზერბაიჯანის წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებებს და განცხადებებს სომხეთის ცალმხრივად დაცვის შესახებ
აზერბაიჯანი კატეგორიულად გმობს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მხრიდან აზერბაიჯანის წინააღმდეგ წამოყენებულ უსაფუძვლო ბრალდებებს და მის განცხადებებს სომხეთის ცალმხრივად დაცვის შესახებ, – ამის შესახებ აღნიშნულია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ სრულიად შეუფერებელია საფრანგეთისთვის, რომელსაც, თითქმის 30 წელია, არ უსაუბრია აზერბაიჯანელების დარღვეულ უფლებებზე, რომლებიც მათი ტერიტორიებიდან განდევნეს და ხოცვა-ჟლეტა მოუწყვეს, საუბარი სომხების უფლებებსა და უსაფრთხოებაზე, რომლებმაც საკუთარი ნებითა და ყოველგვარი ძალადობის გარეშე დატოვეს აზერბაიჯანის ტერიტორიები.
„უკეთესი იქნებოდა, ფრანგულ მხარეს, რომელიც ალმათის დეკლარაციისა და ზოგიერთი რუკის ფარგლებში ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელობას შეეხო, განემარტა, რატომ არ ლაპარაკობდა სომხეთის თითქმის 30-წლიანი აგრესიისა და აზერბაიჯანის ტერიტორიების ოკუპაციის წინააღმდეგ, მათ შორის, სომხეთის მიერ აზერბაიჯანის რვა სოფლის ამჟამინდელ ოკუპაციაზე? მიუღებელია, სომხეთის კრიტიკის ნაცვლად, აზერბაიჯანის არაპროპორციულ საპასუხო ზომებში დადანაშაულება, როდესაც სომხეთმა ყოველგვარი პროვოცირების ფაქტორების გარეშე დაარღვია სტაბილურობა, რომელიც თითქმის ხუთ თვეს გაგრძელდა. ასეთი მიკერძოებული მიდგომები უნდა შეწყდეს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ საფრანგეთის მზაკვრული პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში ახალი დაძაბულობის შექმნას, ასევე დაბრკოლების შექმნას მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, არ მოიტანს შედეგს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის დროს საფრანგეთს პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ გმობს სასაზღვრო მონაკვეთში სომხეთის მიერ გახსნილ ცეცხლს, მაგრამ აზერბაიჯანის პასუხი არაპროპორციული იყო.