აზერბაიჯანის საგარეო უწყება – აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს განცხადებები ეწინააღმდეგება მეგობრობისა და პარტნიორობის სულისკვეთებას
აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას პასუხობს.
როგორც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს ბოლოდროინდელი განცხადებები „ეწინააღმდეგება აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრობის, პარტნიორობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების სულისკვეთებას“.
აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადების მიხედვით, „აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული და ისტორიული ტოპონიმების სხვა სახელწოდებებით მოხსენიება მიუღებელია“.
„აზერბაიჯანი ყოველთვის პატივს სცემდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ამავდროულად, ქართული მხარის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ანალოგიური პატივისცემის გამოვლინება წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვან საფუძველს. სწორედ ამ კუთხით არის გაუგებარი საქართველოს საპატრიარქოს მიდგომა, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებულ ტერიტორიულ პრეტენზიებს გულისხმობს. მნიშვნელოვანია, რომ რელიგიურმა ინსტიტუტებმა თავი შეიკავონ ისეთი მიდგომებისგან, რომლებმაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მეგობრობისა და კეთილმეზობლობის იმ ისტორიულ კავშირებს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა აზერბაიჯანისა და საქართველოს ხალხებს შორის. ამ მხრივ, არ არის რეკომენდებული სომხური ეკლესიის ცნობილი მიდგომების გამეორება ან მისი გზის გაყოლა. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ყველა ისტორიული, კულტურული და რელიგიური ძეგლი აზერბაიჯანელი ხალხისა და აზერბაიჯანის სახელმწიფოს ეროვნული მემკვიდრეობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს“, – აღნიშნულია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქომ განცხადება 24 სექტემბერს გაავრცელა.
„შემაშფოთებელია ბოლო დღეებში მედიასივრცეში გავრცელებული ინფორმაცია და ფოტო-ვიდეომასალა ისტორიულ ჰერეთში, ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში და მის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ. მართალია, ქურმუხის ტაძარი დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს, თუმცა ის ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ისტორიული და სულიერი მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლია. ბუნებრივია, ამ ფაქტმა ჩვენი საზოგადოების მწვავე რეაქცია და სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია, რაც უარყოფითად აისახება ორ მეზობელ სახელმწიფოსა და ხალხებს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის განმტკიცების პროცესზე.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ნებისმიერი ჩარევა, რომელიც ხორციელდება როგორც თავად ტაძარში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩნდება უამრავი კითხვა როგორც სამუშაოების გაურკვეველი მიზნებიდან, ისე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ქართულ მხარესთან შეუთანხმებელი რეაბილიტაციიდან გამომდინარე. დავძენთ იმასაც, რომ ამ ქმედებების შესახებ საქართველოს საპატრიარქოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისგან არავითარი ინფორმაცია არ მიუღია. შესაბამისად, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია დადგინდეს, რა სახის სამუშაოები მიმდინარეობს ტაძრის ტერიტორიაზე, რა კვლევებს ეფუძნება და ვინ ახორციელებს მათ, ასევე, როგორ არის უზრუნველყოფილი ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვა“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.