აზერბაიჯანის საგარეო უწყება - აზერბაიჯანი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში
აზერბაიჯანის საგარეო უწყება - აზერბაიჯანი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში

აზერბაიჯანი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში – ამის შესახებ საუბარია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„აზერბაიჯანი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. აზერბაიჯანი და საქართველო ახორციელებენ სტრატეგიულ პარტნიორობას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემისა და ერთგულების საფუძველზე“, – აღნიშნულია აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაში.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის, 170 სამხედრო მოსამსახურე იყო. ომში დაიჭრა და დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 სამხედრო მოსამსახურე. ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ხუთი დღე გაგრძელდა, აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა კი, მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურების შედეგად მოხერხდა. ომის დასრულებიდან მალევე, რუსეთმა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა აღიარა. 2008 წელს გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ოფიციალური მოსკოვი დღემდე არ ასრულებს.