აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი - სომხეთი კვლავ მისდევს მოლაპარაკებების იმიტაციის პრაქტიკას
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი - სომხეთი კვლავ მისდევს მოლაპარაკებების იმიტაციის პრაქტიკას

სომხეთი კვლავ მისდევს მოლაპარაკებების იმიტაციის პრაქტიკას, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

ბაირამოვის თქმით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის გასაღებია.

„გათავისუფლებული ტერიტორიების განვითარების პარალელურად, აზერბაიჯანმა წამოიწყო სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი, რომელიც ეფუძნება, მათი საზღვრების ფარგლებში, ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის ურთიერთპატივისცემას“, – განაცხადა ბაირამოვმა.

ბაირამოვმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს არაერთხელ გამოუჩენია ინიციატივა სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების შემუშავების თაობაზე და ამ მიზნით შესაბამისი კომისია დაამტკიცა. ამასთან, აზერბაიჯანმა გამოთქვა მზადყოფნა, იმუშაოს სომხეთთან საზღვრის დელიმიტაციაზე, რეგიონში კომუნიკაციების განბლოკვაზე და ზანგეზურის დერეფნის შექმნაზე.

„სომხეთი კვლავ მისდევს მოლაპარაკებების იმიტაციის პრაქტიკას და იმის ნაცვლად, რომ შეასრულოს თავისი ვალდებულებები, ხშირად მიმართავს პროვოკაციებს სამშვიდობო პროცესის ჩაშლის მიზნით“, – განაცხადა ბაირამოვმა.

ჯეიჰუნ ბაირამოვი ბოლო პერიოდში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარ დაპირისპირებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ „ბოლოდროინდელი პროვოკაცია კარგად შეესაბამება იმ ქცევას, რომელიც სომხეთმა აჩვენა ბოლო 30 წლის განმავლობაში“.

„სომხეთი ხშირად მიმართავს პროვოკაციებს, რათა თავიდან აიცილოს პროგრესი მოლაპარაკებებში. აზერბაიჯანი მოუწოდებს სომხეთს, თავი აარიდოს ქმედებებს, რამაც შეიძლება, ზიანი მიაყენოს ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესს“, – განაცხადა მან.

ბაირამოვის თქმით, ბრიუსელის ბოლო შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯანმა განაცხადა მზადყოფნა, იმუშაოს სამშვიდობო შეთანხმებაზე და შეხვედრიდან ცოტა ხანში სომხეთს შეხვედრის კონკრეტული თარიღი და ადგილის შესთავაზა.

„ორი დღის წინ, სომხეთის პრემიერ-მინისტრი გაერო-ს 77-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. სამწუხაროდ, მისმა გამოსვლამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სომხეთი კვლავ მოწოდებულია, გააგრძელოს კონფრონტაცია და არა ურთიერთობების ნორმალიზება“, – განაცხადა ბაირამოვმა.