აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველო და აზერბაიჯანი 19 დოკუმენტზე ხელმოწერის შესაძლებლობას განიხილავენ
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველო და აზერბაიჯანი 19 დოკუმენტზე ხელმოწერის შესაძლებლობას განიხილავენ

საქართველო და აზერბაიჯანი ამჟამად 19 დოკუმენტზე ხელმოწერის შესაძლებლობას განიხილავენ, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„უახლოეს მომავალში ჩვენ ვიქნებით ამ ხელშეკრულებების ხელმოწერის მოწმენი“, – განაცხადა ბაირამოვმა.

აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, აზერბაიჯანული მხარე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბაქოში ვიზიტს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ნათელ მაგალითად აფასებს.

ჯეიჰუნ ბაირამოვმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს ისტორიულად ძლიერი მეგობრული ურთიერთობა აქვთ.

„აზერბაიჯანი და საქართველო ახორციელებენ კეთილმეზობლობის, თანამშრომლობის პოლიტიკას და მათი ურთიერთობები მრავალ სფეროში ვითარდება. ორივე ქვეყანა მხარს უჭერს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას“, – აღნიშნა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.