აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი – სამოქალაქო თვითმფრინავთან დაკავშირებული ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ რამდენიმე მარშრუტზე რუსეთთან პირდაპირი ფრენები აღდგება
აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის რამდენიმე მიმართულებით პირდაპირი ფრენების აღდგენა იგეგმება. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„პირდაპირი ფრენები უახლოეს მომავალში აღდგება რამდენიმე მარშრუტზე, სადაც შეზღუდვები დაწესდა 2024 წლის დეკემბერში მომხდარ ჩვენს სამოქალაქო თვითმფრინავთან დაკავშირებული ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ“, – განაცხადა ბაირამოვმა.
ცნობისთვის, „აზერბაიჯანის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავმა ყაზახეთის ქალაქ აქტაუს აეროპორტთან კატასტროფა განიცადა. ბორტზე 62 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა. მომხდარის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა.
კატასტროფის მიზეზად რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემიდან გასროლილი რაკეტის ნამსხვრევებით მიყენებული დაზიანება სახელდება. ტრაგედიის შემდეგ აზერბაიჯანის ავიახაზებმა უსაფრთხოების მიზეზით შეაჩერა ფრენები ბაქოდან რამდენიმე რუსულ ქალაქში.