აზერბაიჯანის რამდენიმე დასახლებაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა
აზერბაიჯანის რამდენიმე დასახლებაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა

აზერბაიჯანის რამდენიმე დასახლებაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. გადაწყვეტილება აზერბაიჯანის მილი-მეჯლისმა საგანგებო სხდომაზე მიიღო, რომელიც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განვითარებული მოვლენების ფონზე მოიწვიეს.

საომარი მდგომარეობის შესახებ დადგენილება უახლოესი 48 საათის განმავლობაში პრეზიდენტმა უნდა დაამტკიცოს.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა, მხარეები სამხედრო შეტაკებებისა და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი. მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების მხრიდან. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის არმიამ კონტრშეტევა დაიწყო. სომხეთში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის მხრიდან დაწყებულია შეტევა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ სომეხმა სამხედროებმა ორი აზერბაიჯანული ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მათივე ცნობით, სროლის ხმა ისმის სტეპანაკერტშიც. ამასთან, სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა.