აზერბაიჯანის პროკურატურამ განჯაში სამართალდამცველების მკვლელობაში ორ ეჭვმიტანილზე ძებნა გამოაცხადა
აზერბაიჯანის პროკურატურამ განჯაში სამართალდამცველების მკვლელობაში ორ ეჭვმიტანილზე ძებნა გამოაცხადა

აზერბაიჯანის პროკურატურამ განჯაში სამართალდამცველების მკვლელობაში ორ ეჭვმიტანილზე ძებნა გამოაცხადა. ამის შესახებ ნათქვამია აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივ განცხადებაში.

განჯაში ორი პოლიციელი მიტინგის დაშლის დროს მოკლეს. არასანქცირებულ საპროტესტო აქციაზე ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებისგან ქალაქის პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელი და ნიზამნის რაიონის პოლიციის მთავარი განყოფილების უფროსი დაიღუპნენ. აქციაზე მომხდარი არეულობის დროს ქალაქ განჯაში სამართალდამცველებმა 40 ადამიანი დააკავეს.

შეგახსენებთ, 3 ივლისს განჯის მერზე თავდასხმა განხორციელდა. ელმარ ვალიევს ქალაქის ადმინისტრაციის შენობასთან ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგად მერი და მისი პირადი დაცვის წევრი დაშავდნენ.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს ეჭვმიტანილი. ის ადგილობრივი მცხოვრები 35 წლის, იუნის საფაროვია. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, საპროტესტო აქცია განჯაში დაკავებული საფაროვის მხარდასაჭერად იმართებოდა.