აზერბაიჯანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბაქო მზადაა ერევანთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობის დასაწყებად
აზერბაიჯანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბაქო მზადაა ერევანთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობის დასაწყებად

აზერბაიჯანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბაქო მზადაა ერევანთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობის დასაწყებად. ამის შესახებ განცხადება ილჰამ ალიევმა ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში ვიზიტისას გააკეთა.

ილჰამ ალიევი უკვე შეხვდა ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს. მისი თქმით, აზერბაიჯანს რეგიონში სტაბილურობა და მშვიდობა სურს.

„აზერბაიჯანი მშვიდობის, სტაბილურობის და პროგნოზირებადობის მომხრეა. ჩვენი ძალისხმევა მიმართულია ნებისმიერი ახალი ომის შესაძლებლობის მინიმუმამდე დაყვანისკენ. ამისთვის საუკეთესო გზა არის კომუნიკაციების გახსნა, აქტიური დიალოგის დაწყება, მეზობლობის ხელახლა სწავლა. ჩვენი პოლიტიკა ღიაა და პირდაპირი და იმედი მაქვს, რომ თუ სომხეთის მხრიდან იქნება კეთილი ნება, ჩვენ მზად ვართ, დავიწყოთ მუშაობა სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებაზე“, – განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ე.წ. ზანგეზურის დერეფნის გახსნის საკითხზე, რომელიც ამ ეტაპზე ბაქოსა და ერევანს შორის სადავო საკითხს წარმოადგენს. ე.წ. ზანგეზურის დერეფნის ამოქმედება მხარს უჭერს თურქეთი. ამ დერეფნით აზერბაიჯანი სომხეთის გავლით უნდა დაუკავშირდეს ნახიჩევანის რესპუბლიკას, შემდეგ კი თურქეთს. როგორც ალიევმა ბრიუსელში განაცხადა, აღნიშნული დერეფნის ფარგლებში რკინიგზისა და ავტომაგისტრალის მშენებლობაზე სომხეთთან შეთანხმება მიღწეულია.

„კომუნიკაციის ამ ნაწილის გახსნის შესახებ წინადადება ასახულია სამმხრივ დეკლარაციაში, რომელსაც შარშან ნოემბერში მოეწერა ხელი. ეს ერთგვარი ვალდებულებაა სომხეთისთვის, რომ მან უზრუნველყოს ყველა აუცილებელი ზომა. წინსვლა არ იყო ადვილი. ამ ეტაპზე, ჩვენ შევთანხმდით რკინიგზის მშენებლობაზე, აზერბაიჯანიდან სომხეთის გავლით, ნახიჩევანში. ასევე, შევთანხმდით ავტომაგისტრალის მშენებლობაზეც, თუმცა გზატკეცილის ზუსტი მარშრუტი დადგენილი არ არის.

ამასთან, ალიევმა აღნიშნა, რომ თუ ერევანი მოითხოვს ე.წ. ზანგეზურის დერეფანში ტვირთების კონტროლს და საბაჟო პუნქტის გახსნას, მაშინ ანალოგიურ მოთხოვნას აზერბაიჯანი დააყენებს ლაჩინის დერეფნის მიმართაც, რომლის ნაწილიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ხვდება.

„რაც შეეხება „ზანგეზურის დერეფნის“ სამართლებრივ ჩარჩოს, ეს უნდა ამოქმედდეს ლაჩინის დერეფნის ანალოგიურად. დღეს ლაჩინის დერეფანში არ არის საბაჟო. შესაბამისად, საბაჟო არ უნდა იყოს „ზანგეზურის დერეფანში“. თუ სომხეთი საბაჟოს დაჟინებით მოითხოვს, რომ გააკონტროლოს ტვირთები, ჩვენ იგივეს მოვითხოვთ ლაჩინის დერეფანშიც“, – განაცხადა ალიევმა.

მისივე თქმით, ახლა გადაწყვეტილება სომხეთმა უნდა მიიღოს, ხოლო აზერბაიჯანი მზადაა ორივე შესაძლებლობისთვის.

ზანგეზურის დერეფანი“ მხოლოდ ჩვენთვის არ არის განკუთვნილი, რომ ჩვენ მივიღოთ წვდომა ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან არამედ სომხეთისთვისაც, რათა მან მიიღოს სარკინიგზო კავშირი ირანთან, ნახიჩევანის რესპუბლიკის გავლით, ასევე მიიღოს სარკინიგზო კავშირი რუსეთთან აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით. რადგან დღეს მათ ასეთი კავშირი არ აქვთ. ეს შექმნიდა პოზიტიურ ატმოსფეროს რეგიონში და მოგებული იქნება ყველა“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ალიევის თქმით, აზერბაიჯანს სურს სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება და ამის შესახებ საუბარი ბრიუსელში სომხეთის პრემიერ მინისტრთან შეხვედრაზე გაიმართება.

თავის მხრივ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო მხარს უჭერს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციას.

შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში დაგეგმილია აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის შეხევდრა, რომელიც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით გაიმართება.