აზერბაიჯანის პრემიერი - საქართველო-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობამ დღეს სტრატეგიული პარტნიორობის დონეს მიაღწია, ჩვენი ურთიერთობები ვითარდება ყველა სფეროში
აზერბაიჯანის პრემიერი - საქართველო-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობამ დღეს სტრატეგიული პარტნიორობის დონეს მიაღწია, ჩვენი ურთიერთობები ვითარდება ყველა სფეროში

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ალი ასადოვის განცხადებით, საქართველოში აზერბაიჯანის დელეგაციის ვიზიტი ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას.

მისივე თქმით, საქართველო-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობამ დღეს სტრატეგიული პარტნიორობის დონეს მიაღწია და ორი ქვეყნის ურთიერთობები ვითარდება ყველა სფეროში.

ამასთან, როგორც აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული სხდომა კარგი შესაძლებლობაა, განიხილონ მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებსაც აზერბაიჯანი და საქართველო ერთობლივად ახორციელებენ.

„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ აზერბაიჯანის დელეგაციის, და პირადად ჩემი სახელით, გულთბილი მიღებისთვის. პირველ რიგში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ბატონი ილჰამ ალიევის საუკეთესო სურვილებსა და მოკითხვას გადმოგცემთ. მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ჩვენს მეგობარ ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტით. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ვიზიტს. მჯერა, რომ ვიზიტი ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას. სამთავრობოთაშორისო კომისიის სხდომა კარგი შესაძლებლობაა, განვიხილოთ ჩვენი ურთიერთობების შემდგომი განვითარების გზები და ჩვენი თანამშრომლობის სფეროების გაფართოება, ასევე მნიშვნელოვანი მეგაპროექტები, რომლებსაც ერთობლივად ახორციელებენ აზერბაიჯანი და საქართველო. ჩვენ გვექნება ამის განხილვის შესაძლებლობა. როგორც თქვენც აღნიშნეთ, წელს, 18 ნოემბერს ჩვენ აღვნიშნეთ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი, მაგრამ აზერბაიჯანი-საქართველოს ურთიერთობების ისტორია ისეთივე ხანგრძლივია, როგორც ჩვენი ხალხებისა და ერების ისტორია. ჩვენ ხალხებს აერთიანებს მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლობა, ურთიერთპატივისცემა და მეგობრული ურთიერთობა. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობამ დღეს სტრატეგიული პარტნიორობის დონეს მიაღწია. ჩვენი ურთიერთობები ვითარდება ყველა სფეროში, იქნება ეს პოლიტიკა, ეკონომიკა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, კულტურა, განათლება, სამხედრო და სხვა სფეროები. ჩვენ ერთმანეთს მხარს ვუჭერთ ამ სფეროების განვითარებაში და ვითარდება ჩვენი ურთიერთობები ყველა სფეროში. მჯერა, თქვენი მონაწილეობით დღეს ხელმოწერილი დოკუმენტები კიდევ უფრო დააჩქარებს ამ პროცესებს“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა.

ალი ასადოვის თქმით, აზერბაიჯანი და საქართველო საერთაშორისო ურთიერთობების დონეზე ყოველთვის მხარს უჭერენ ერთმანეთს.

„ჩვენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს ყოველთვის მხარს ვუჭერდით, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ეკონომიკური ურთიერთობები წარმატებით ვითარდება. საქართველო აზერბაიჯანის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია, მიმდინარე წელს ჩვენი სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა სამი პროცენტით. რა თქმა უნდა, მიმდინარე პანდემიისა და გლობალური ეკონომიკის წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე, ეს ზრდა თავისთავად აჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს კიდევ მეტი პოტენციალი და შევძლებთ ამ ურთიერთობების მეტად განვითარებას. ბატონო პრემიერო, ძვირფასო კომისიის წევრებო, მჯერა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი სამთავრობოთაშორისო კომისია ჩვენს ეკონომიკურ და დინამიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა აზერბაიჯანის პრემიერმა.