აზერბაიჯანის ხელისუფლება - ნორვეგიის ელჩი მიტინგებზე დადიოდა და მის გაძევებას ვაპირებდით
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადამინისტრაციაში აცხადებენ, რომ ბაქო ქვეყანაში ნორვეგიის საელჩოს დახურვის გამო არ წუხს. როგორც ილხამ ალიევის ადმინისტრაციის წარმომადგენლი ჰიკმეტ ჰაჯიევი ამბობს, ნორვეგიის დიპლომატიური უწყების დახურვა რიგითი მოვლენაა და წუხილს ან სინანულს არ იწვევს.
„სახელმწიფო საელჩოს გახსნის ან დახურვის გდაწყვეტილებას ყველა იღებს ეროვნული ინტერესების საფუძველზე. ნორვეგიის საელჩოს დახურვა ამ ქვეყნის პირადი საქმეა“, -აცხადებს ჰაჯიევი.
ჰაჯიევმა ასევე გააკრიტიკა ნორვეგიის საელჩოს და პირადად ელჩის საქმიანობაც. მისი თქმით, ელჩი სტეინარ გილი დიპლომატიურ პროტიკოლს არღვევდა და აზერბაიჯანის შიდა საქმეებში ერეოდა.
„საქმის ნაცვლად ის მონაწილეობდა მიტინგებში და ჩართული იყო სხვა არალეგიტიმურ საქმიანობაში. ამის გამო აზერბაიჯანის ხელისუფლება ნორვეგიის ელჩის ქვეყნიდან გაძევებას განიხილავდა. შედეგად ნორვეგიის ხელისუფლებამ ელჩი ვადაზე ადრე გაიწვია“, – განაცხადა ჰაჯიევმა.
მანამდე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაცილებით რბილი განცხადება გააკეთა. კერძოდ საგარეო უწყების პრესსამსახურში ნორვეგიის საელჩოს დახურვის გამო მწუხარება გამოთქვეს.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ნორვეგიის საელჩო აზერბაიჯანში დაიხურება და ოსლო დიპლომატიურ წარმომადგენელობას საქართველოში გახსნის.