„მერსედესის“ პილოტმა, ვალტერი ბოტასმა აზერბაიჯანის გრან პრი მოიგო, რითაც 2019 წლის სეზონში მეორე, კარიერაში კი მეხუთე გამარჯვება მოიპოვა.
წინა ორ წელთან შედარებით, რბოლამ ბაქოს ქუჩების ტრასაზე საკმაოდ მშვიდად ჩაიარა და ერთხელაც არ გახდა საჭირო ტრეკზე უსაფრთხოების მანქანის გასვლა.
პოულიდან სტარტის აღების შემდეგ, ბოტასმა ლიდერობა შეინარჩუნა. მან გაუძლო თანაგუნდელ ლუის ჰემილტონის შეტევებს, რის შემდეგაც, „მერსედესის“ პილოტებს შორის დიდი ბრძოლა აღარ ყოფილა – თითქმის მთელი დისტანცია მათ შორის სხვაობა ერთი-ორი წამი იყო.
საბოლოოდ, ბოტასმა და ჰემილტონმა პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს და „მერსედესს“ ოთხი შესაძლებლიდან მეოთხე დუბლი მოუტანეს, რაც „ფორმულა ერთის“ ისტორიაში პირველად მოხდა.
„მერსედესის“ პილოტებს წინააღმდეგობა ვერ გაუწია „ფერარის“ ლიდერმა, სებასტიან ფეტელმა. მან გამარჯვებულთან 11.7 წამი წააგო. სამაგიეროდ, გერმანელმა მესამე ადგილი იოლად მოიპოვა. ზედიზედ მესამე რბოლაში მეოთხე ადგილი დაიკავა მაქს ფერსტაპენმა.
კვალიფიკაციაში მანქანის დაზიანებისა და მეათე ადგილიდან სტარტის შემდეგ, „ფერარის“ მეორე პილოტმა, შარლ ლეკლერმა ჯერ მეოთხე ადგილამდე გაიკვლია გზა, შემდეგ კი ალტერნატიული ტაქტიკის წყალობით ლიდერიც გახდა, მაგრამ მცირე ხნით. საბოლოოდ, მონაკოელმა მეხუთე ადგილი დაიკავა, თან წრეზე საუკეთესო დრო აჩვენა, რითაც საერთო ჩათვლაში ბონუსქულა მოიპოვა.
გენერალურ კლასიფიკაციაში ვალტერი ბოტასი ლიდერობს, რომელიც ერთი ქულით უსწრებს ლუის ჰემილტონს. სებასტიან ფეტელი მესამე ადგილზე გადავიდა, მაგრამ ლიდერებთან უკვე 30 ქულაზე მეტს აგებს.
შემდეგი რბოლა 12 მაისს ესპანეთში გაიმართება.