აზერბაიჯანის 21-წლამდელებთან მეორედაც მოვიგეთ - საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მესამეზე დაწინაურდა
აზერბაიჯანის 21-წლამდელებთან მეორედაც მოვიგეთ - საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მესამეზე დაწინაურდა

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა აზერბაიჯანის თანატოლთა ნაკრებს უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

ევრო 2021-ის შესარჩევი ციკლის ეს მატჩი გორში, „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ გაიმართა და ქართველი ახალგაზრდების შეტევებით დაიწყო. ჩვენს გუნდს დაუბრუნდა დისკვალიფიკაციამოხდილი გიორგი მამარდაშვილი, ხოლო ვატო არველაძე შემადგენლობაში არ იყო.

პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები უპირატესობას ფლობდა, მეტოქეები საკმაოდ უხეშობდნენ და ბელარუსმა მთავარმა არბიტრმა დმიტრი დმიტრიევმა ყვითელი ბარათი 11-ჯერ გამოიყენა, რვა მათგანი კი ჩვენს მოთამაშეებს აჩვენა.

საქართველოს უპირატესობამ შედეგი შესვენებამდე გამოიღო – უსწრაფესი შეტევა ბექა დარცმელიამ წამოიწყო, მარცხენა ფლანგზე იერიში ლუკა ლაკვეხელიანმა გააგრძელა და საჯარიმოში გიორგი გულიაშვილი მოძებნა, რომელმაც ზუსტი თავური დარტყმით ანგარიში გახსნა 1:0.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები უპირატესობას ფლობდა და რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ ფეხბურთელებმა ამ შანსებით ვერ ისარგებლეს. აზერბაიჯანელები კი 78-ე წუთზე კაცნაკლულები დარჩნენ – მეორე ყვითელი ბარათის მიღების შემდეგ მოედნიდან ტურან ელიზადე გააძევეს. საბოლოოდ, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა 1:0 მოიგო, აზერბაიჯანელებს ციკლში მეორედ აჯობა (პირველი – სტუმრად, 3:0).

საქართველო-აზერბაიჯანი 1:0

გოლები: 1:0 გულიაშვილი (42. ლაკვეხელიანის პასით)

საქართველო U21: მამარდაშვილი, ბურჯანაძე (82. ანდრონიკაშვილი), ლოჩოშვილი (68. გელაშვილი), კობოური, ლაკვეხელიანი, დარცმელია, სამურკასოვი, კუცია (46. მექვაბიშვილი), სპანდერაშვილი (46. კუხიანიძე), გულიაშვილი, სილაგაძე (75. აზაროვი)

სათადარიგოები: კერესელიძე, ძებნიაური, ზარიძე

საქართველოს ნაკრებმა 9 ტურის შემდეგ 12 ქულა დააგროვა და მეორე შესარჩევ ჯგუფში მესამე ადგილზეა. ვასილ მაისურაძის გუნდს შესარჩევ ციკლში ერთი შეხვედრა აქვს დარჩენილი – სლოვაკეთის ახალგაზრდულ ნაკრებს 12 ნოემბერს თბილისში, „მიხეილ მესხი არენაზე“ შეხვდება.