აზერბაიჯანი სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე სარაკეტო დარტყმის მცდელობაზე იუწყება, სომხეთში ინფორმაციას უარყოფენ
აზერბაიჯანი სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე სარაკეტო დარტყმის მცდელობაზე იუწყება, სომხეთში ინფორმაციას უარყოფენ

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი შუშან სტეპანიანი უარყოფს აზერბაიჯანული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე სარაკეტო დარტყმების განხორციელება სცადა.

ამის შესახებ შუშან სტეპანიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში” წერს.

„აზერბაიჯანული მხარის განცხადება, რომ სომხურმა ქვედანაყოფებმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე დარტყმის განხორციელება სცადეს, ტყუილია. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენს სამიზნეს არ წარმოადგენს ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურა, თუმცა ადგილმდებარეობის განურჩევლად, ყველა სამხედრო ობიექტი და ადგილი, საიდანაც ცეცხლს გახსნიან არცახის მიმართულებით, განადგურდება”, – წერს სომხეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენელი.

მანამდე, აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის განკარგულებით, ევლახის რაიონში, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მონაკვეთზე სარაკეტო დარტყმების განხორციელება სცადეს, თუმცა მათი ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა მხარემ „აღნიშნული ტერორისტული მცდელობა აღკვეთა”.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე, ჰიკმეტ ჰაჯიევი „ტვიტერში“ წერს, რომ სომხეთის მიერ ბაქო-თბილისი-ჰეიჰანის მიმართულებით ნასროლი რაკეტა ნავთობსადენიდან ათ მეტრში ჩამოვარდა. გაჯიევის თქმით, მილსადენი არ დაზიანებულა.