აზარტული თამაშებით დაზარალებული მოქალაქე - მეუღლის თამაშდამოკიდებულების გამო ერთადერთი საცხოვრებელი დავკარგეთ
აზარტული თამაშებით დაზარალებული მოქალაქე - მეუღლის თამაშდამოკიდებულების გამო ერთადერთი საცხოვრებელი დავკარგეთ

მეუღლის თამაშდამოკიდებულების გამო ჩვენი ერთადერთი საცხოვრებელი დავკარგეთ, სადაც ოჯახის ცხრა წევრი ვცხოვრობთ, – ამის შესახებ აზარტული თამაშებით დაზარალებულმა მოქალაქემ, ლელა ზარდიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„მათ შორის არის 83 წლის მოხუცი, რომელიც ამჟამად მწოლიარეა და მცირეწლოვანი შვილიშვილები, რომლებსაც მე ვზრდი, რადგან მათი დედა მუშაობს. ისინი ჩემთან ცხოვრობენ, ვინაიდან სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ“, – განაცხადა ზარდიაშვილმა.

როგორც ზარდიაშვილმა აღნიშნა, მათი კოშმარი წლების წინ დაიწყო, როდესაც ოჯახში ფინანსური შემოსავლები შემცირდა.

„გაიყიდა ჩვენი ოჯახური ბიზნესი, რითაც ვარსებობდით და შემდეგში შევიტყვე, რომ არსებობდა სათამაშო ბიზნესი, სადაც ჩვენი შემოსავლები მიდიოდა. ოჯახში ამის გამო კონფლიქტი შეიქმნა და ძალიან დიდი სტრესი მივიღე, რადგან ფაქტიურად, შემოსავლის გარეშე დავრჩით. სათამაშო ბიზნესის გამო მეუღლეს დიდი ვალები დაედო და ჩვენი საოჯახო ბიზნესი სწორედ ამ ვალების გასტუმრებას შეეწირა“, – განაცხადა ზარდიაშვილმა. 

აზარტული თამაშებით დაზარალებულმა მოქალაქემ ასევე განაცხადა, რომ მისი მეუღლე თამაშდამოკიდებული 40 წლის ასაკში გახდა, რასაც მისგან აბსოლუტურად არ მოელოდა, რადგან ის ძალიან კარგი მამა, მეუღლე და მშრომელი ადამიანი იყო.

„ამ ბიზნესის არსებობის შესახებ არც კი ვიცოდი და ვერც წარმოვიდგენდი, რომ შეიძლებოდა, მთლიანი თანხები ამ სათამაშო აპარატებზე წასულიყო“, – განაცხადა ზარდიაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, აღიარებს თუ არა პრობლემას მისი მეუღლე, თვლის თუ არა ის, რომ დახმარება სჭირდება და მიმართა თუ არა სპეციალისტებს, ლელა ზარდიაშვილმა აღნიშნა, რომ ოჯახი ეცადა, მას ფსიქოლოგის რამდენიმე სეანსი გაევლო, მაგრამ მეუღლე ამის წინააღმდეგ წავიდა.

„თუმცა, მე ვთვლი, რომ სჭირდება. როცა ამის გამო ოჯახში კონფლიქტი იწყება, ეს ადამიანები არაადეკვატურები, აბსოლუტურად სხვა ადამიანები ხდებიან. მათ აქვთ თავიანთი სამყარო და მუდმივად სჯერათ, რომ თავიანთ თანხას და დაკარგულ ქონებას უკან აუცილებლად დაიბრუნებენ. რა თქმა უნდა, ეს არის არარეალური სამყარო, თუმცა, თავად ამას არ აღიარებენ“, – განაცხადა ზარდიაშვილმა.

მისი თქმით, ის არ არის ერთადერთი, ვინც ამ პრობლების წინაშე დგას და მის ირგვლივ არსებობენ ოჯახები, სადაც ანალოგიური პრობლემა არსებობს.