აზაროვმა „შახტარში“ სადებიუტო შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, გოჩოლეიშვილი მოედნიდან გააძევეს #1TVSPORT
ირაკლი აზაროვმა სადებიუტო თამაში ჩაატარა დონეცკის „შახტარში“, რომელიც უკრაინის პრემიერლიგაში კოვალივკას „კოლოსს“ ესტუმრა და 2:0 დაამარცხა.
აზაროვმა პირველივე შეხვედრა „შახტარის“ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. დონეცკელთა დაცვის ორივე ფლანგზე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ითამაშეს – მარცხნივ აზაროვმა, ხოლო მარჯვნივ – გიორგი გოჩოლეიშვილმა.
გიორგისთვის ეს წარმატებული თამაში არ იყო: 37-ე წუთზე მეტოქესთან უხეშობის გამო არბიტრმა გოჩოლეიშვილს ყვითელი ბარათი აჩვენა, მაგრამ მომენტის გადამოწმების შემდეგ „შახტარის“ ქართველი ლეგიონერი მოედნიდან გააძევა და დონეცკელები კაცნაკლულნი დარჩნენ. ამ დროისთვის „შახტარი“ 1:0-ის იგებდა, შესვენებამდე მეორე ბურთიც გაიტანა და ეს უპირატესობა თამაშის ბოლომდე შეინარჩუნა.
ხუთი ტურის შემდეგ 11 ქულით „შახტარი“ გათამაშების ლიდერი გახდა.