აწყურის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს [ფოტო]
აწყურის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს [ფოტო]

აწყურში ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. მრავალწლიანი პროექტი ტაძრის პირვანდელი სახით აღდგენას ითვალისწინებს.

ამ ეტაპზე, რეგიონში მოპოვებული ქვის ფილებით, რომლითაც თავის დროზე ტაძარი აშენდა, კედლების გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს. 57 მეტრის სიმაღლისა და 24 მეტრი სიგანის ტაძარი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაგებობაა რეგიონში.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის ინფორმაციით, ტაძრის აღდგენითი სამუშაოების დასრულება 2020 წლისთვისაა დაგეგმილი, რის შემდეგაც დარჩება მხოლოდ ეზოს ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

2015 წელს აწყურის კათედრალურ ტაძარში, არქეოლოგიური გათხრების დროს ტაძრის ინტერიერში ძველი შენობათა ნაშთები აღმოაჩინეს, რომელიც ადრეულ შუა საუკუნეებს მიეკუთვნება და ეს ძველი შენობების ნაშთები სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებს წარმოადგენდა.

აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის გარეთ კი აღმოჩენილია ადრეული შუა საუკუნეების კარგად შემონახული, აქამდე უცნობი ეკლესიის ნაშთები, ასევე ასომთავრული წარწერა და მრავალი სახის დეკორატიული ნივთი, რომელიც, სავარაუდოდ, მეათე საუკუნეს მიეკუთვნება. პროექტის ბოლო ეტაპი, სწორედ აღმოჩენილი მნიშვნელოვანი არტეფაქტების ექსპონირებას ითვალისწინებს.

ნიკოლოზ ანთიძის ინფორმაციით, ტაძრის რეაბილიტაციისთვის თანხა ფონდმა „ქართუ“ გამოყო და ჯამურმა ღირებულებამ რვა მილიონი ლარი შეადგინა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები სამი წლის წინ დაიწყო.

სარეაბილიტაციო პროექტებს ორგანიზებას უწევს გაერთიანებული საბჭო, რომელიც სააგენტოსა და საპატრიარქოს არქიტექტორ-რესტავრატორთა ჯგუფით არის დაკომპლექტებული.

აწყურის ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარი ისტორიკოსთა ვარაუდის მიხედვით, მეთერთმეტე საუკუნის ძეგლია, რომლის თავდაპირველი მშენებლობის შესახებ ისტორიული ცნობები არ შემორჩა. მიწისძვრით დანგრეული ეკლესია აღადგინეს სამცხის მმართველმა ათაბაგებმა, ჯაყელებმა – XIV-XV სს-ში. ტაძარი მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულებით, ისტორიული მნიშვნელობითა და გამორჩეული მონუმენტურობით, ქართული საკულტო ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია.