„აწარმოე საქართველოში“ - მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა 5 ოქტომბერს დაიწყება
„აწარმოე საქართველოში“ - მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა 5 ოქტომბერს დაიწყება

2020 წლის 5-დან 18 ოქტომბრის ჩათვლით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამაზე ბიზნესიდეების მიღება დაიწყება.

სააგენტოს ცნობით, პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა და საგრანტო პროგრამის გრანტის მოცულობის ზედა ზღვარი 30 000 ლარი გახდა. პროგრამაში გამარჯვებული მეწარმეების თანამონაწილეობის თანხა კი 20 პროცენტის ნაცვლად ათი პროცენტია, მაღალმთიან რეგიონებში კი ხუთი პროცენტი.

ამასთან, პროგრამის სამიზნე ტერიტორიულ ერთეულებს ემატება თბილისი. სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება ექნება ნებისმიერ სრულწლოვან საქართველოს მოქალაქეს, როგორც მეწარმე სუბიექტს, რომელსაც პროგრამის ფარგლებში დაფინანსება არ მიუღია, ან პირველად მონაწილეობს, ასევე – მეწარმე სუბიექტს, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილით განსაზღვრული ხელშეწყობა.

პროგრამის არსებულ მეწარმე სუბიექტებს პროგრამის ფარგლებში გრანტის მიღების შესაძლებლობა ექნებათ, როგორც მათთვის უკვე დაფინანსებული საქმიანობის გაფართოების, ასევე, ახალი ბიზნესპროექტის შემთხვევაში. განსხვავებულად განისაზღვრება თანამონაწილეობის წილიც – პროგრამის არსებული ბენეფიციარის მიერ პროგრამაში თანამონაწილეობის წილი განისაზღვრება დაფინანსების თანხის არანაკლებ 25 პროცენტით, 15 პროცენტით კი მაღალმთიან რეგიონებში.

ასევე, პროგრამის ფარგლებში განიხილება ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, გარდა სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქციის წარმოებისა და სოფლის მეურნეობის პირველად წარმოებასთან დაკავშირებული მომსახურებებისა. პროგრამა მიზნად ისახავს მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ასევე, პროგრამა ხელს შეუწყობს ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული უარყოფითი ეკონომიკური გავლენის შემცირებასაც. პროგრამის ფარგლებში უკვე მხარდაჭერილია 6 212 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიცია 61 მილიონ ლარზე მეტია.