„აწარმოე საქართველოს“ ბენეფიციარი კომპანია ბრენდის „ჰ და მ“ (H&M) ოფიციალური მიმწოდებელი გახდა
ქართული კომპანია შპს „ემჯიემტექსი“ ბრენდის „ჰ და მ“ (H&M) ოფიციალური მიმწოდებელი გახდა, შესაბამისად, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში „ჰ და მ“-ის მაღაზიებში პროდუქცია იარლიყით „დამზადებულია საქართველოში“ (MADE IN GEORGIA) გაიყიდება.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციით, კომპანიამ ამისთვის მკაცრი ტექნიკური და სოციალური აუდიტი გაიარა.
შპს „ემჯიემტექსი“ ქართულ-რუმინული ინვესტიციით შექმნილი საწარმოა, რუმინული ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიის შვილობილი, რომელიც პროდუქციას მსოფლიოში ცნობილი ბრენდებისთვის აწარმოებს. კომპანიამ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, უახლესი ტექნოლოგიის საკერავ მანქანა-დანადგარების შეძენა შეძლო.
შპს „ემჯიემტექს“, რომელიც 2018 წლის აპრილის დასაწყისში ამოქმედდა, წლიურად 6 000 000 ლარის ტანსაცმელს აწარმოებს. საწარმოში 280 ადამიანია დასაქმებული. ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი, 3 მლნ ლარს შეადგენს. საწარმო ქუთაისში მდებარეობს.