ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან სიგარეტის ნამწვით გარემოს დაბინძურების ფაქტზე მიმდინარე წელს 161 ოქმი შედგა
ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან სიგარეტის ნამწვით გარემოს დაბინძურების ფაქტზე მიმდინარე წელს 161 ოქმი შედგა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან სიგარეტის ნამწვით გარემოს დაბინძურების ფაქტზე მიმდინარე წელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 161 ოქმი შედგა.

უწყების ცნობით, მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოებში გადაიგზავნა.

ამასთან, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან დღემდე ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის სულ 305 ფაქტი გამოავლინეს.

ორ კილოგრამამდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება 80 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქციას ითვალისწინებს, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან – 120 ლარის ოდენობით.

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები მთელი საქართველოს მასშტაბით აგრძელებენ 24-საათიან პატრულირებას, როგორც სიგარეტის ნამწვის ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან გადმოგდების, ისე ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის სხვა ფაქტების გამოსავლენად“, – აცხადებენ უწყებაში.