ავთანდილ გალდავა - კარგად ვარ, მძევლები კარგად არიან
ავთანდილ გალდავა - კარგად ვარ, მძევლები კარგად არიან

კარგად ვარ, მძევალები კარგად არიან, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ავთანდილ გალდავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც ერთ-ერთი იყო „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის მიერ აყვანილ მძევლებს შორის.

გალდავა წალენჯიხის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა. სხვა დეტალებზე მას ჟურნალისტებთან არ უსაუბრია.

ამასთან, წალენჯიხის პოლიციაში იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე. მისი თქმით, ყველა მძევლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

„არავის დაზიანება არ აქვს. ყველა მძევალთან მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დაზიანებები არ აქვს არც ერთ მძევალს“,- განაცხადა ბორცვაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.