ავთანდილ ენუქიძე - აღადგინეთ კანონი ცილისწამების შესახებ და ყველამ მიიღოს, რაც ეკუთვნის
ავთანდილ ენუქიძე - აღადგინეთ კანონი ცილისწამების შესახებ და ყველამ მიიღოს, რაც ეკუთვნის

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ახლა მივიღოთ კანონი, რომელიც ჩვენმა ჯგუფმა დააინიცირა, აღვადგინოთ კანონი ცილისწამების შესახებ, აღადგინეთ ეს კანონი, გთხოვთ ამას ძალიან, დაგვიჭირეთ მხარი და ყველამ მიიღოს თავისი, ვისაც რა ეკუთვნის, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა ავთანდილ ენუქიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ავთანდილ ენუქიძემ აღნიშნა, მედიის გარკვეული ნაწილი ბოლო პერიოდში გადასულია მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ლანძღვაზე და მეორე ნაწილის დეზინფორმაციაზე.

„როდესაც ჩვენ პარლამენტში შემოვედით, გარკვეული დარტყმები და შეურაცხყოფები მივიღეთ. შემდეგ, როდესაც ალეკო ელისაშვილი შემოვიდა, რა სცენები დადგეს, ესეც ყველამ კარგად ვნახეთ. ახლა უკვე მივიდნენ კულმინაციამდე. როგორც კი გააქტიურდება პოლიტიკური პროცესები, იმ წუთში ეკლესიას ესხმიან თავს. მეჩვენება, რომ ამას ვიღაც უდგას უკან და ვიღაცა ამ პროცესებს ერთად მართავს. ბოლოს და ბოლოს ჩვენ ჩვენი, ერთადერთი რაც შეგვრჩა აქამდე, რაც ყველასთვის საერთოა და ყველასთვის უზენაესია, ეს მაინც დავიცვათ რაღაც ფორმით. ეს ფორმა კი არის ის, რომ ჩვენ ახლა მივიღოთ კანონი, რომელიც ჩვენმა ჯგუფმა დააინიცირა – აღვადგინოთ კანონი ცილისწამების შესახებ. აღადგინეთ ეს კანონი, გთხოვთ ამას ძალიან, დაგვიჭირეთ მხარი და ყველამ მიიღოს თავისი, ვისაც რა ეკუთვნის. მეტი რა გითხრათ, პატრიარქი და ეკლესია შეურაცხყვეს, ყველამ მიიღოს თავისი. ჟურნალისტები ნუ აძლევენ თავის თავს იმის უფლებას, რისი უფლებაც არ აქვთ. ახლა დეტალებში აღარ მინდა ჩავიდე, სპეციალურად დადგმული სცენები მიდის ამ ქვეყანაში. საფრანგეთმა მიიღო ეს კანონი, მოაწესრიგა მაკრონმა ეს ყველაფერი. გერმანიაში ყველა კერძო ტელევიზიას აქვს ჰყავს ბორდი. ამ ბორდში პარიტეტის პრინციპებზე არიან ტელევიზიის ახლობლები და საზოგადოების წევრები, ისინი, ვინც ამას არეგულირებენ. ბრიტანეთში მარეგულირებელი არეგულირებს ამას. მერე რომ არ თქვათ, ევროკავშირისკენ მივდივართ და ამიტომ ამის მიღება არ შეიძლებაო. ეს არ არის არაფრის შეზღუდვა, ეს არის უბრალოდ ადამიანების დაცვა. მეტი გზა აღარ არსებობს“, – განაცხადა ავთანდილ ენუქიძემ.

დატოვე კომენტარი