ავთანდილ ბახტაძე ევრობასკეტის B დივიზიონის სიმბოლურ ხუთეულში დაასახელეს #1TVSPORT
რუმინეთის ქალაქ პიტესტიში დასრულდა 2023 წლის ევრობასკეტის B დივიზიონი. საქართველოს 16-წლამდელ კალათბურთელთა ნაკრებმა ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა კალათბურთელებმა მესამე ადგილისთვის მატჩში მასპინძელი რუმინეთი 70:68 დაამარცხეს და A დივიზიონის საგზური მოიპოვეს.
ორგანიზატორებმა ფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგ ტურნირის სიმბოლური გუნდი და უძვირფასესი მოთამაშე დაასახელეს. საქართველოს ნაკრების მხრიდან საუკეთესო ხუთეულში მოხვდა ავთანდილ ბახტაძე, რომელიც ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ჩვენი ნაკრების ნამდვილ ლიდერად მოგვევლინა.
ბახტაძე გათამაშების განმავლობაში საშუალოდ 18 ქულას, 10.3 მოხსნასა და 1.1 დაფარებას აგროვებდა. ბრინჯაოს მედლისთვის მატჩში მან საქართველოს 18 ქულა და 15 მოხსნა მოუტანა. ავთანდილი ტურნირის MVP-ის კანდიდატიც იყო, მაგრამ უძვირფასესი მოთამაშის ტიტული გამარჯვებული გუნდის, ხორვატიის ლიდერს, ბორნა კატანოვიჩს ერგო. კატანოვიჩი 18.1 ქულას, 4.6 მოხსნას, 2.8 შედეგიან გადაცემას და 2.5 ჩაჭრას უყრიდა თავს. ფინალში ბულგარეთთან მან 26 ქულა დააგროვა.
საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტის B დივიზიონში შვიდიდან ხუთი შეხვედრა მოიგო. ჯგუფურ ეტაპზე ლევან ტყეშელაშვილის გუნდი რუმინეთმა დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში – ხორვატიამ.
ევრობასკეტის B დივიზიონი, სიმბოლური გუნდი:
ავთანდილ ბახტაძე (საქართველო), ბორნა კატანოვიჩი (ხორვატია), როკო იემო (ხორვატია), ივაილო სრინსკი (ბულგარეთი), კოდრუტ-ალექსანდერ დინუ (რუმინეთი).
ევრობასკეტის B დივიზიონი, საქართველოს ნაკრების შედეგები:
საქართველო – ბოსნია-ჰერცოგოვინა (ჯგუფური ეტაპი) 90:61
საქართველო – რუმინეთი (ჯგუფური ეტაპი) 62:66
საქართველო – ავსტრია (ჯგუფური ეტაპი) 81:65
საქართველო – ისლანდია (ჯგუფური ეტაპი) 96:71
საქართველო – ესტონეთი (მეოთხედფინალი) 79:66
საქართველო – ხორვატია (ნახევარფინალი) 65:82
საქართველო – რუმინეთი (მესამე ადგილისთვის მატჩი) 70:68
ევროპის ჩემპიონატზე კონტიტენტის უძლიერეს ნაკრებებთან ერთად საქართველოს ნაკრები 2024 წლის ზაფხულში ითამაშებს.