ავთანდილ ასათიანმა ნაკრების ლეგიონერები დაახასიათა - ევროპის ჩემპიონატამდე კარგი შერწყმა მოხდა #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა გუნდის ნატურალიზებულ ლეგიონერებზე ისაუბრა, რომლებმაც ევრო 2022-ის საგზურის მოპოვებაში უდიდესი როლი ითამაშეს.
„მოთამაშეებში გაგვიმართლა. ლეგიონერები, გარდა იმისა, რომ პროფესიონალები არიან, ძალიან კარგი ადამიანები აღმოჩნდნენ. შედეგის მისაღწევად საჭირო იყო ამ ხალხის თბილად მიღება. ისინი გუნდს კარგად შეერწყნენ,“ – განაცხადა ავთანდილ ასათიანმა.
საილუსტრაციოდ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საფრანგეთთან გადამწყვეტი შეხვედრის დეტალები გაიხსენა, რომლის მოგებითაც ჩვენმა ნაკრებმა ევრო 2022-ის საგზური მოიპოვა.
„მინდა გავიხსენო საფრანგეთთან შეხვედრა და ბინიოს საოცარი თამაში, რომელიც ტრავმის გამო სამწუხაროდ, ევროპის ჩემპიონატზე ვერ დაგვეხმარება. გახსოვთ, ფორმაზე საქართველოს გერბს როგორ კოცნიდა? ასეთი რამ არ შეიძლება გაითამაშო. გულიდან უნდა მოდიოდეს. დასაფასებელი საქციელია,“ – იხსენებს ასათიანი.
მანამდე უეფა-ს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა წერილი („ფუტსალი ევრო 2022: რას უნდა მიაქციოთ ყურადღება“). სადაც საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა გამოარჩიეს:
„საქართველოს შეუძლია იამაყოს შემადგენლობით, რომელშიც არიან ძალიან გამოცდილი მეკარე ზვიად კუპატაძე და ცენტრი ეილსანდრო. ასევე ნიჭიერი რონინიო, თალესი, არჩილ სებისკვერაძე და ახლახან გამოძახებული ვილიანი“.
19 იანვარს საქართველოს ფუტსალის ნაკრები ნიდერლანდებში მიემგზავრება და არსებობის ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებს. ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩებს საქართველოს ნაკრები გრონინგენში გამართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდი აზერბაიჯანს, ბოსნია-ჰერცეგოვინას და ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩები 22, 26 და 29 იანვარს გაიმართება. სამივე შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.