ავთანდილ ასათიანი - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საფრანგეთიდან დამაკმაყოფილებელი შედეგით წამოვიდეთ
ავთანდილ ასათიანი - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საფრანგეთიდან დამაკმაყოფილებელი შედეგით წამოვიდეთ

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მატჩისთვის ემზადება. ავთანდილ ასათიანის გუნდმა წლის ბოლო შეხვედრისთვის საწვრთნელი პროცესი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 2 დეკემბერს არასრული შემადგენლობით გაიარა.

ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, რამდენიმე ლეგიონერი საქართველოს ნაკრებს საფრანგეთი-საქართველოს მატჩის მასპინძელ ქალაქში, პარიზში 6 დეკემბერს შეუერთდება. საფრანგეთისა და საქართველოს ფუტსალის ნაკრებთა შეხვედრა 8 დეკემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში მატჩები მიმდინარე წლის დეკემბრიდან 2021 წლის აპრილის ჩათვლით გაიმართება. ჩვენი ნაკრები სულ ექვს შეხვედრას ჩაატარებს, ავთანდილ ასათიანის გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპზე საფრანგეთის, რუსეთისა და ბულგარეთი/სომხეთის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება. შეხვედრები სახლი/გასვლის პრინციპით ჩატარდება.

ევროპის ჩემპიონატის საგზურს საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის რვა გამარჯვებული და საუკეთესო ექვსი მეორეადგილოსანი გუნდი მიიღებს. კიდევ ერთი საგზურის მფლობელის ვინაობა ჯგუფებში მეორე ადგილზე გასულ ორ ნაკრებს შორის პლეი-ოფის გათამაშებაში გაირკვევა. ფუტსალში ევრო 2022 ნიდერლანდებში გაიმართება.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა მომავალ დაპირისპირებაზე ილაპარაკა.

„ნაკრებს ძალიან დიდი პაუზა გამოუვიდა. ცნობილი მიზეზების გამო ნაკრებს 11 თვეა თამაში არ ჩაუტარებია. ვეცდებით, რომ პირველ შეხვედრაში მაქსიმალურად დავიხარჯოთ. ყველას მოეხსენება, პირველ შეხვედრაში პირველი ქულები რაოდენ საჭიროა. ამიტომ მაქსიმალურად ვეცადეთ ის ფეხბურთელები შეგვერჩია, ვინც ამ მომენტისთვის ტონუსში არიან. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საფრანგეთიდან დამაკმაყოფილებელი შედეგით წამოვიდეთ“, – ამბობს ავთანდილ ასათიანი.