ავთანდილ ასათიანი - ყირგიზებთან დაშვებული შეცდომები აღარ უნდა გავიმეოროთ #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ყირგიზეთთან 1:2 დამარცხდა. ამ შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა და მეკარე ზვიად კუპატაძემ.
„ყველა მატჩს მაქისმალური კონცენტრაცია სჭირდება, რაც ყირგიზეთთან თამაშმაც გვაჩვენა. ამ წაგებასაც საჩვენოდ გამოვიყენებთ. ბევრი ვარიანტი მოვსინჯეთ, შანსი ბევრ ფეხბურთელს მივეცით და გვინდოდა გვენახა, თითოეულის შესაძლებლობები. ვერ ვიტყვი, რომ რაღაც კატასტროფული მოხდა, მაგრამ მარცხი ყოველთვის საწყენია და ვეცდებით, მიკრო-შეცდომები მეორე თამაშზე აღარ გავიმეოროთ“, – განაცხადა ავთანდილ ასათიანმა.
ზვიად კუპატაძე, საქართველოს ნაკრების მეკარე:
„მოწინააღმდეგემ, ალბათ, თავის ისტორიაში საუკეთესო თამაში აჩვენა. ბევრი მომენტი გვქონდა, ვერ გავიტანეთ და წავაგეთ. ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების გადამწყვეტი ეტაპი იანვარში დაიწყება, როდესაც მთლიანი შემადგენლობით შევიკრიბებით და ამხანაგურ შეხვედრას ჩავატარებთ. იქ გამოჩნდება, ვინ რა ფორმაშია“.
საქართველოს და ყირგიზეთის ფუტსალის ნაკრებები ერთმანეთს დღეს მეორედ დაუპირისპირდებიან. შეხვედრა თბილისის ახალ ოლიმპიურ სასახლეში 17:00 საათზე დაიწყება და ჩვენი ნაკრები წლის მოგებით დასრულებას შეეცდება.