ავთანდილ ასათიანი - სასიამოვნო და საამაყოა, როდესაც ევროპის ჩემპიონატზე შენს დროშას და ჰიმნს წარმოადგენ #1TVSPORT
ავთანდილ ასათიანი - სასიამოვნო და საამაყოა, როდესაც ევროპის ჩემპიონატზე შენს დროშას და ჰიმნს წარმოადგენ #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა, ირაკლი თოდუასთან ერთად მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს ონლაინ პრესკონფერენციაზე უპასუხა:

„ძალიან კარგი განწყობა გვაქვს მწვრთნელებსაც და ფეხბურთელებსაც. ყველას გათავისებული აქვს, რა დონის ტურნირზე ჩამოვედით, სადაც ჩვენს ქვეყანას წარმოვადგენთ. ეს დიდი პასუხისმგებლობაა და ამავდროულად, ძალიან სასიამოვნოა, როდესაც შენს დროშას და ჰიმნს წარმოადგენ ასეთი დონის ტურნირზე. ასეთ დროს სიამაყის განცდა გეუფლება. ძალიან რთულ ჯგუფში ვართ და მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მომდევნო ეტაპზე გავიდეთ. ჩემი აზრით, აზერბაიჯანის ნაკრები საკმაოდ ძლიერია და რამდენიმე მოთამაშის გამოკლება არ დაეტყობა. დღევანდელი მონაცემებით მეტოქე სრული საბრძოლო შემადგენლობით მიიღებს ხვალინდელ შეხვედრაში მონაწილეობას. უფრო მეტად ჩემს გუნდზე ვარ კონცენტრირებული და ჩვენ საქმეს ვაკეთებთ. იმის იმედად არ უნდა ვიყოთ, რომ აზერბაიჯანს ვინმე გამოაკლდება და ეს გაგვაძლიერებს“, – განაცხადა ავთანდილ ასათიანმა.

საქართველოს ფუტსალის ნაკრების წევრმა, ირაკლი თოდუამ პირველი თამაშის მნიშვნელობაზე ისაუბრა: 

„პირველი თამაში ყოველთვის რთულია. ორმაგად მნიშვნელოვანია, თუ როგორ დაიწყებ ასეთ დიდ ტურნირს. ჩვენთვის ეს პირველი ევროპის ჩემპიონატია, აზერბაიჯანი კი თითქმის ყოველთვის მონაწილეობს. შანსებს თანაბრად შევაფასებდი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პირველი თამაში კარგად ჩავატაროთ და ამის მერე ვიფიქროთ შემდეგ თამაშებზე“.

ევრო 2022-ის D ჯგუფში პირველ შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრები აზერბაიჯანთან 22 იანვარს, თბილისის დროით 17:30 საათზე გამართავს. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს, ისევე როგორც ევრო 2022-ის გადამწყვეტი ეტაპის მატჩებს, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.