ავთანდილ ასათიანი - ევროპის ჩემპიონატზე მარტივ ჯგუფში მოხვედრის ილუზია არავის გვქონია #1TVSPORT
ავთანდილ ასათიანი - ევროპის ჩემპიონატზე მარტივ ჯგუფში მოხვედრის ილუზია არავის გვქონია #1TVSPORT

ნიდერლანდებში გამართულ ფუტსალის 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის წილისყრაზე კომენტარი საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა გააკეთა, რომელიც წილისყრის პროცედურას და სპეციალურ ღონისძიებას ქალაქ ზეისტში მდებარე ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში დაესწრო.

„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი ნაკრების მოთამაშეებს, სწორედ მათი დამსახურებაა, რომ დღეს აქ ვიმყოფებით. იმის ილუზია, რომ ევროპის ჩემპიონატზე მარტივ ჯგუფში მოვხვდებოდით არავის გვქონია, რადგან ასეთი დონის ტურნირზე სუსტი მოწინააღმდეგე არ არსებობს. ვფიქრობ, რომ ევროპის ჩემპიონატი და კონკრეტულად ეს ჯგუფი ჩვენთვის საინტერესო გამოწვევა იქნება. იმიტომ, რომ ფუტსალის ელიტაში თავის დამკვიდრების შანსი გვეძლევა“, – განაცხადა ავთანდილ ასათიანმა.

საქართველოს ნაკრები ევრო 2022-ზე D ჯგუფში ითამაშებს. ფუტსალის ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთს, აზერბაიჯანსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება. ჯგუფის მატჩები ქალაქ გრონინგენში ჩატარდება.