ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უნგრელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა - „ხაზი გავუსვი ევროპის ერთიანობის აუცილებლობას“
ავსტრიის საგარეო საქმეთა ახლად დანიშნულმა მინისტრმა, ბეატე მაინლ-რეისინგერმა უნგრელ კოლეგასთან, პიტერ სიიარტოსთან პირველ სატელეფონო საუბარში რუსეთ-უკრაინის ომი განიხილა.
ბეატე მაინლ-რეისინგერმა ევროპის ერთიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„ვესაუბრე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, პიტერ სიიარტოს. განვიხილეთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია და ევროპის უსაფრთხოება. საუბარში ხაზი გავუსვი ევროპის ერთიანობის აუცილებლობას ამ განსაკუთრებულად რთულ დროში. ასევე, ვისაუბრეთ ორმხრივ საკითხებზე, როგორიცაა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობა“, – დაწერა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
თავის მხრივ, პიტერ სიიარტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ავსტრიელ კოლეგასთან მიგრაციაზე ისაუბრა და ავსტრიის მცდელობაზე, გამხდარიყო გაერო-ს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრი. ამავე დროს, სიიარტოს განცხადებაში უკრაინის საკითხზე საუბარი ნახსენები არ არის.