ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მოსკოვში ვიზიტისას საქართველოს ოკუპირებული რეგიონების საკითხი არ განუხილავს
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი კარინ კნაისლი აცხადებს, რომ მოსკოვში ვიზიტისას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევების საკითხი არ განუხილავს.
ამის შესახებ დიპლომატმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე ქართული მედიის მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხად განაცხადა.
„მოსკოვში ჩემი ვიზიტი ფოკუსირებული იყო ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე. ჩვენ ვიწყებთ დიალოგს ხუთი კრიტერიუმის მიხედვით, რომელიც დადგენილია ევროკავშირის მიერ.
კერძოდ, ეს არის მოქალაქეებს შორის კონტაქტები, კულტურული თანამშრომლობა. დიახ, ჩვენ განვიხილეთ რეგიონული საკითხები. მე ასევე დავაყენე ადამიანის უფლებების დარღვევების საკითხი არა კონკრეტულად თქვენს მიერ დასმულ თემასთან დაკავშირებით, არამედ რუსეთში მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კარინ კნაისლმა.
„მე საქართველოში ვიზიტით ჯერ არ ვყოფილვარ. ყოველთვის ვცდილობ, ვისაუბრო იმ საკითხებზე, რომლებიც პირადად ვნახე“, – აღნიშნა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
კარინ კნაისლი რუსეთში ვიზიტით 11-12 მარტს იმყოფებოდა.