ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი - 2000-იან წლებში ისეთივე მიდგომა რომ გვქონოდა, როგორიც დღეს გვაქვს, პოლონეთი და რუმინეთი ევროკავშირის წევრები ჯერაც არ იქნებოდნენ
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი - 2000-იან წლებში ისეთივე მიდგომა რომ გვქონოდა, როგორიც დღეს გვაქვს, პოლონეთი და რუმინეთი ევროკავშირის წევრები ჯერაც არ იქნებოდნენ

2000-იან წლებში ისეთივე მიდგომა რომ გვქონოდა, როგორიც დღეს გვაქვს, პოლონეთი და რუმინეთი ევროკავშირის წევრები ჯერაც არ იქნებოდნენ, – ეს განცხადება ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალექსანდერ შალანბერგმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამართულ დისკუსიაზე გააკეთა.

მისი თქმით, ყველამ უნდა გააცნობიეროს რუსეთიდან მომავალი საფრთხე და ის მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც დღეს დგას ევროპისთვის.

„მსოფლიოსთვის არდადეგები დასრულდა, ჩვენ მშვიდობის სარგებელი მივიღეთ და ასევე ვიყავით ზედმეტად მიამიტები. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ რუსეთს აქვს პოტენციალი, იყოს დამაბრკოლებელი და შესაძლოა, რუსეთის მზერა მხოლოდ უკრაინისკენ არ იყოს მიმართული. საქართველოს აქვს ეს გამოცდილება. ასევე, ჩვენ გვაქვს სერბთა რესპუბლიკაც და სხვა ადგილებიც, ლიბია, სირია, ევროპის მთელ სამეზობლოში. ევროკავშირი უნდა შეეჭიდოს ამ ამოცანას. ეს არის პოლიტიკური ნაბიჯი და არა ბიუროკრატიული“, – განაცხადა შალენბერგმა.

​შალენბერგის თქმით, ევროპული ინტეგრაციის პროცესი აჩვენებს, რომ სხვადასხვა პერიოდში ევროკავშირში ახალი წევრების მიღების შესახებ გადაწყვეტილებები სხვადასხვა ფაქტორებით იყო განპირობებული.

„თუ ევროპული ინტეგრაციის ისტორიას გადავხედავთ, საბერძნეთი ევროკავშირს 1981 წელს შეუერთდა, მაშინ საბერძნეთი იყო ახალგაზრდა დემოკრატია. ესპანეთი და პორტუგალია 1986 წელს და ამ შემთხვევაშიც ანალოგიური მდგომაროება იყო. ჩვენ რომ 2000-იან წლებში ისეთივე მიდგომა გვქონოდა ევროკავშირის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მაშინ პოლონეთი და რუმინეთი ახლა არ იქნებოდნენ ევროკავშირის წევრები. ჩვენ მაშინ მივხვდით, რომ აუცილებელია რკინის ფარდის გადაკვეთა და იგივე უნდა გავაკეთოთ ახლაც. თუ გადავხედავთ ევროპის დედაქალაქებში მიმდინარე დისკუსიებს, მჯერა, რომ ყველამ იცის, ერთად მოქმედებაა საჭირო. ჩვენ ყოველთვის ძალიან კარგად ვახერხებთ ევროკავშირის შიგნით ჩვენი უთანხმოებების გამოხატვას, მაგრამ ამავე დროს გვაქვს ერთიანობის ძლიერი შეგრძნება. ამას ყველა შეხვედრაზე ვგრძნობ. იმედი მაქვს, ამ გეოპოლიტიკურ მომენტს, რომელშიც ევროპა ახლა იმყოფება ვინმეს გამო არ დავკარგავთ და ძველ დროს არ დავუბრუნდებით. ახლა ჩვენ შოკურ თერაპიაში ვცხოვრობთ. ვფიქრობ, ომი უკრაინაში არის შოკი, რომელიც გარკვეულწილად საჭირო იყო, რათა დაგვეჯერებინა და გაგვეცნობიერებინა, რომ საქმე მხოლოდ ბიუროკრატიას და პროცედურებს არ ეხება, საქმე ეხება გეოპოლიტიკას, ეს ეხება ცხოვრების წესს, მოდელს, ეს ეხება სისტემურ მეტოქეობას. მინდა, რომ შემდეგი თაობა გაიზარდოს თავისუფალ, პლურალისტულ და ღია საზოგადოებაში. სწორედ ამისთვის ვიბრძვით და ეს უნდა გააცნობიერონ ბრიუსელშიც“, – განაცხადა შალენბერგმა.