ავსტრიის პრეზიდენტი - ავსტრიასა და საქართველოს მეგობრული, ძალიან მჭიდრო ეკონომიკური, კულტურული და ადამიანური ურთიერთობები აკავშირებთ
ავსტრიის პრეზიდენტი - ავსტრიასა და საქართველოს მეგობრული, ძალიან მჭიდრო ეკონომიკური, კულტურული და ადამიანური ურთიერთობები აკავშირებთ

ავსტრიასა და საქართველოს მეგობრული, ძალიან მჭიდრო ეკონომიკური, კულტურული და ადამიანური ურთიერთობები აკავშირებთ, – ამის შესახებ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური პრეზიდენტმა, ალექსანდერ ვან დენ ბელენმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ალექსანდერ ვან დენ ბელენმა აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი განსაკუთრებულ დროს ხდება, რადგან 100 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პირველი რესპუბლიკა აღიარა ავსტრიამ და მომავალ წელს, საქართველოსა და ავსტრიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლის იუბილე იქნება.

„ავსტრიას და საქართველოს უფრო მეტი აქვს საერთო, ვიდრე შეიძლება პირველი შეხედვით ჩანდეს. პირველ რიგში მთები, როგორც ტიროლელი ვიტყვი ამას. ტურიზმი ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკური კუთხით. საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის მდგრადი განვითარება, მთელი ევროკავშირი ამ მიმართულებით მიდის და საქართველოც ერთ-ერთი პრიორიტეტული ქვეყანა იქნება ავსტრიის ეკონომიკური განვითარების თანამშრომლობისა. მძიმე დროს, კოვიდპანდემიისას, ჩვენ ვაგრძელებდით ურთიერთობას“, – განაცხადა ალექსანდერ ვან დენ ბელენმა.

მისივე თქმით, ავსტრია ერთ-ერთი პირველი პარტნიორი ქვეყანა იყო, რომელმაც საქართველოს უსასყიდლოდ გადასცა ვაქცინები.

„ფორმალურ დონეზეც ჩვენი ურთიერთობები გაგრძელდება. საქართველოში ავსტრიის საელჩო ახალ, უფრო მაღალ სტატუსს მიიღებს და მას ექნება ამიერიდან სრული საკონსულო სპეციფიკა. საქართველოსა და ავსტრიას შორის ურთიერთობები კარგია, მაგრამ განვითარებადია. 2020 წლის პანდემიის შემდეგ, საქართველომ ძალიან სწრაფად დაიწყო ეკონომიკური აღმასვლა და 2021 წლის პირველ ნახევარში 12-პროცენტიანი ზრდა აჩვენა. ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს საქართველოსი ავსტრიული ფირმებისთვის, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის თვალსაზრისით, ტურიზმის, ინფრასტრუქტურის დარგებში. ამ სფეროში ურთიერთობების განვრცობისთვის, დღეს ქართულ და გერმანულ ფირმებს შორის ეკონომიკურ ფორუმში მივიღებთ მონაწილეობას. სალომე ზურაბიშვილის ვენაში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკის სამინისტროების ორმხრივი კომისიის სხდომა დღეს შედგება.

სახელმწიფოებრივ დონეზე, საქართველოს და ავსტრიას საუნივერსიტეტო, რეგიონული და ლოკალურ დონეზე თანამშრომლობა აკავშირებს. ამ სფეროებშიც ჩვენ გვექნება წინსვლა და განვითარება. ასეთი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია არა მოკლევადიან პერსპექტივაში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გრძელვადიან პერსპექტივაში, განსაკუთრებით კულტურულ და საუნივერსიტეტო თანამშრომლობის სფეროში. როგორც ტიროლელს, განსაკუთრებით მიხარია, რომ ამ დღეებში გაკეთდა განცხადება და გაფორმდა მემორანდუმი სამეგრელო-ზემო სვანეთსა და ტიროლს შორის. გარდა ამისა, მომავალ წელს გვექნება ინსბურგსა და თბილისს შორის 40 წლის პარტნიორობის ზეიმი, დაძმობილებული ქალაქების ზეიმი. კულტურულადაც ძალიან ბევრ რაღაცას ვიძენთ საქართველოსთან თანამშრომლობით. მაგალითად ქართველი სოპრანო, ნინო მაჩაიძე, რომელიც 10 წელია, უკვე ვენის სახელმწიფო ოპერაში მღერის და ასევე გამოდის ზალცბურგის ფესტივალზე, ის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია ჩვენთვის“, – განაცხადა ავსტრიის პრეზიდენტმა.